მე არასოდეს გავთხოვდები – ლია კამლაძის ბლოგი

მივლინება მაქვს ლაგოდეხში. რედაქციის დავალებით, რაიონში გამორჩეულ ადამიანზე, წერილი უნდა დავწერო.

გავიკითხ-გამოვიკითხე, რჩეული არცთუ ბევრი აღმოჩნდა. მაინც კეთილშობილური პროფესიის წარმომადგენელი ვარჩიე და გინეკოლოგ დავით ბატიაშვილს დავურეკე.

რესპოდენტების დათანხმება, არ ვიცი როგორ ხდება, მაგრამ არ მიჭირს-ხოლმე. ბატონი დათოს შემთხვევა გამონაკლისი აღმოჩნდა და რაიონის გამგებლის ჩარევა გახდა საჭირო…

მოკლედ, რესპოდენტი ინტერვიუზე თანახმაა, მაგრამ რად გინდა? ჰო და არას მეტს არაფერს ამბობს (ზოგადად, სიტყვაძუნწი მამაკაცები მომწონს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ჩემს მიზანს, ეს თვისება, ხელს უშლის).

სხვა გზა არ მაქვს და ვცდილობ ექიმი დავითანხმო ოპერაციაზე დასწრების უფლება მომცეს.

რა ხერხი არ ვიხმარე, თხოვნა, ქება-დიდება, ხმის აწევა, მთავარი ექიმის ნაცნობობა და…ძლივს…მოკლედ, გეგმიურ საკეისრო ოპერაციას უნდა დავესწრო.

წინასწარ თავს ვამზადებ ( მწვანე ვალერიანის ხუთი აბი ჩავყლაპე, ვალიდოლიც ჯიბეში მიდევს), ჩამაცვეს ხალათი, თავზე დამახურეს, ხელთათმანები, ბახილები და ასე კოსმონავტივით გამოწყობილი საოპერაციოში შევდივარ. გამაფრთხილეს, ზედმეტად არ ვიმოძრაო (ლაპარაკზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია)…

ჯერ ადრეა, ბატონი დათო არ ჩანს, გვერდითა ოთახიდან კი ხმაური მესმის. ფეხი მიცურავს და ფრთხილად, ძლივს მივდივარ…თურმე იქაც მშობიარეა, ოღონდ ამ გოგონამ, ჩარევის გარეშე, ფიზიოლოგიურად უნდა იმშობიაროს.

დავინტერესდი…მომავალი დედიკო უცნაურ სავარძელზე ზის, არც ტირის, არც ყვირის და ჩემს შეკითხვებსაც ხალისით პასუხობს (ვარკვევ მერამდენე შვილია, რამდენი წლის არის პაციენტი, სად არის მისი მეუღლე და ა. შ.), გამიცინა კიდეც, უცებ ,,ვაი, ვაი” – დაიძახა (დავიძაბეეეე…), გოგონა ხმას უწევს…

ხელები გამეყინა და არ ვიცი რას ვაკეთებ, მისი ხელი მიკავია და ვამშვიდებ, ვეუბნები რომ ყველაფერი კარგად იქნება (ექთანმა ჩაიარა და ისე, ყოველი შემთხვევისთვის, მოგვაძახა ,, ჯერ ადრეაო”), გოგონა გაჩერდა, აღარ ყვირის, სახე ისეთი აქვს, ვითომ წუთის წინ არაფერი ხდებოდა, თავი წამოწია და თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა   (ამას, მგონი, არაფერი აწუხებს და იგონებს)…

ბატონი დათო შემოფრიალდა, ექთანს რაღაც ჰკითხა, მე ხელით მეორე ოთახისკენ მანიშნა…საკეისროსთვის პაციენტი მზად არის, ნარკოზი მოქმედებაშია, ჩემმა აბებმაც იმოქმედა თუ ზედმეტმა ემოციებმა,-გათიშული ვარ…

კუთხეში ვდგევარ…ბატონმა დათომ სწრაფი მოძრაობით სკალპელი დაუსვა და ასე 10სმ-დე განაკვეთი გააკეთა, რამდენიმე წამში ჭრილობიდან სითხემ ამოხეთქა…გული შემიქანდა და, როგორც ჩანს, მეც შევქანდი…მართალია, ბატონი დათო ზურგით იდგა, მაგრამ თვალი მაინც მომკრა და ასისტენტებს დაუძახა, სკამზე დასვით და რამე მიეცითო (თურმე სულ თეთრი ვარ და გული მიმდის…მეღა ვაკლდი)…

დამსვეს…ვცდილობ თავი ავიყვანო…ყველაფერი წამებში ხდება…ექიმმა იმ განაკვეთში ხელი ჩაყო დააა…ჯერ ბავშვის თავი დავინახე, მერე გამოწელეს და…ვიგრძენი, რომ სასწაულის მოწმე ვარ…

ცრემლები მდის, გული ლამის გასკდეს სიხარულით და ვგრძნობ ბედნიერებას, უსაზღვრო, უკიდეგანო ბედნიერებას…ბატონი დათო, იმ წუთას, ჩემთვის ცოცხალი ღმერთია (მივვარდი და ვკოცნი, ვყვირი)…

გოგონაა,ციცქნა, მოპუსკული გოგონა…ბავშვის დედა ისევ ნარკოზშია და გაურკვეველ ბგერებს გამოსცემს.

მე, გაგიჟებული, თავზე ვადგევარ და დავყვირი ,,ისეთი ლამაზი გოგონა გყავთ, ისეთი კარგი” …ერთი ასეთი დღე და…ცოტა რომ დავწყნარდი, შემაწუხებელი სამოსისგან გავნთავისუფლდი, ბატონ დათოსთან კაბინეტში სავარძელში ჩავესვენე…

ექიმი ღიმილით მეკითხება რას იტყვიო და ვთქვი ისტორიული სიტყვები, რომელიც, რატომღაც, მაშინვე შეისმინა უფალმა: ,,მე, არასდროს გავთხოვდები”

თუმცა, ისიც ხომ ისტორიული ნათქვამია: “არასოდეს თქვა არასოდეს”

მსგავსი პოსტები

Back to top button