“ნუ გავუთამამდებით რუსეთის აგრესიას” – პაატა ზაქარეიშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილი ე.წ საზღვრზე გამართულ აქციას გამოეხმაურა: „ძალიან ნუ გავუთამამდებით რუსეთის აგრესიას, ნუ გვგონია რომ ბანერის მოცილებით შესაძლებელია ომის მოგება. გასათვალისწინებელია ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებიც, აქციის მონაწილეები მიდიან და მოდიან , ისინი კი იქ რჩებიან და მათზე უნდა გადაიაროს ყველაფერმა“- განაცხადა მინისტრმა.

მისი განცხადებით, რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევა პროვოკაციული ნაბიჯია და ამ ნაბიჯის მიზანი ახალგაზრდული ოლიმპიადის წინ საქართველოში სიტუაციის დაძაბვაა.

„რუსეთი ცდილობს საქართველოში დაძაბოს ვითარება, გამოიყენოს რა ხშირ შემთხვევაში მიამიტი საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც ხშირად რუსულ წისქვილზე ასხამენ წყალს და ქმნიან იმ პრობლემას, რაც რუსეთს სურს რომ მსოფლიოს აჩვენოს, რომ საქართველოში არის არამდგრადობა და ამ მიმართულებით რაღაცეები ხდება.“- განაცხადა ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

მინისტრის თქმით, მსგავსი სიტუაცია იყო ასოცირების ხელმოწერის და საპრეზიდენტო არჩევნების წინაც.

„რუსეთმა ეჭქვეშ დააყენა ნავთობსადენის მიმართულებაც, მაგრამ მთავრობა ამაზე არ წამოგებულა. ჩვენი ამოცანაა, რომ არ ავყვეთ პროვოკაციას და ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის მდგრადი და ასრულებს ყველა თავის ვალდებულებას, როგოც ნავთობსადენის დაცვის ასევე ოლიმპიადის მიმართულებით. ყველა ის ვალდებულება, რაზეც უნდა რომ ეჭვი შეიტანოს რუსეთმა, ეს ვალდებულებები შესრულებადია და რუსეთს ბოლო სამი წლის განმავლობაში გარდა მავთულხლართების და ბანერების იქით-აქეთ გადატანისა სხვა არაფერი არ დარჩენია. ჩვენ სამი წლის განმავლობაში ერთი ადამიანი არ დაგვღუპვია, ერთი ადამიანი დევნილად არ გვყოლია, ერთი სოფელი და ერთი ქალაქი არ დაგკარგვია.“- აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, მთავრობა მკაფიოდ ხედავს რუსეთის ქმედებების ლოგიკას, მისი განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიებზე საზღვრის გავლების საშუალებას, რუსეთს ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული კანონი აძლევს.

„რუსეთი ახორციელებს ყველაფერ იმას, რაც თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ დაუტოვა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით. იქ არის მკაფიო ჩანაწერი, არა ის რომ ოკუპირებული ტერიტორია არის სამხრეთ ოსეთი ჰიპოტეტური, ან სამაჩაბლო, არამედ პირდაპირ წერია, რომ ოკუპირებული ტერიტორია არის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორია. ანუ იყო შეტყობინება, რომ რუსებო ჩვენ განიჭებთ უფლებას იყოთ ოკუპანტები საკმაოდ ფართო ტერიტორიაზე, შემოუსაზღვრეს პირდაპირ. პერევიდან იმიტომ გავიდა რუსეთი, რომ ის სამხრეთ ოსეთის ოლქის ტერიტორიად არ ითვლებოდა, საქართველომ წინასწარვე დაუთმო რუსეთს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. ეს ნაციონალების ცოდვაა“- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button