პარტნიორები საქართველოს ულოცავენ
“ყველა მხარემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა პოლიტიკურ პროცესებზე”
“საარჩევნო რეფორმა ქართული დემოკრატიის ინტერესებში შედის და ყველა მხარემ უნდა აიღოს პოლიტიკურ პროცესებზე პასუხისმგებლობა ცვლილებების სასარგებლოდ ხმის მიცემით.” – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რითაც ის საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით დამტკიცებას ეხმაურება.
„კარგი ამბავი, საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება მეორე მოსმენით, ერთი კიდევ იქნება. საარჩევნო რეფორმა ქართული დემოკრატიის ინტერესებში შედის და ცვლილებების სასარგებლოდ ხმის მიცემით, ყველა მხარემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა პოლიტიკურ პროცესებზე.” – წერს ვიოლა ფონ კრამონი.
“ვწუხვარ ვიწრო ზღვარზე”
“მივესალმები მეორე მოსმენით მიღებულ გადამწყვეტ საკონსტიტუციო ცვლილებებს.” – ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი წერს.
ის იმედოვნებს, რომ 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება აღდგება.
“მივესალმები მეორე მოსმენით მიღებულ გადამწყვეტ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ვწუხვარ, ვიწრო ზღვარზე და ვიმედოვნებ, რომ 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება აღდგება, მათ შორის, 142 ხმა ექნება საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე, საბოლოო მოსმენაზე, 29 ივნისს.” – წერს ჰარცელი “ტვიტერში”.
კინზინგერის ვიდეოკონფერენცია
“დღეს შევიტყვე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით დამტკიცდა. მინდა ყველას მივულოცო, ვინც ასეთ დადებით ნაბიჯს მისცა ხმა და მოწოდება გავაკეთო 8 მარტის შეთანხმების სრული შესრულების შესახებ.” – ამის შესახებ ამერიკელმა “რესპუბლიკელმა” კონგრესმენმა და კონგრესის აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა მედიისთვის გამართულ ვიდეო კონფერენციაზე განაცხადა.
მან ისაუბრა იმ სიახლის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის თანახმად 2020 წლის არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება, მეორე მოსმენით დაამტკიცა.
„ვიცი, რომ ჯერ კიდევ არის გზა გასავლელი. ამასთანავე, მინდა მოწოდება გავაკეთო 8 მარტის შეთანხმების სრული შესრულების შესახებ, რომელიც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ წინ წავიდეს. თუმცა, რასაც არ გავაკეთებ, ეს დეტალებში შესვლაა იმის შესახებ, თუ ვინაა მართალი და ვინ მტყუანი და კიდევ რა უნდა გაკეთდეს. ეს ჩვენი საქმე არაა. ჩვენი საქმეა, უბრალოდ, ორივე მხარე წავახალისოთ თანამშრომლობისთვის, რასაც ახლა ვაკეთებ.
“8 მარტის შეთანხმების დეტალებში არ შევდივარ. ორივემ, – მთავრობამ და ოპოზიციამ, აშშ-ს საელჩომ ეს დეტალები იცის, და მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ამაზე ვისაუბრო. მაგრამ რაც შეეხება პარლამენტის მიერ ცვლილებების დამტკიცებას, ეს ძალიან კარგია. „ევროპულმა საქართველომ“ მონაწილეობა მიიღო პირველ მოსმენაში, ისევე, როგორც მეორეში. ჯერ კიდევ წინაა მესამე მოსმენა და ამის შესრულება. შეიძლება, ბოლომდე ბედნიერი არავინ დარჩეს, ცოტათი ყველა უკმაყოფილო იქნება, მაგრამ იმედი გვაქვს, წინსვლა მოხერხდება და შემდეგ უკვე არჩევნები ჩატარდება. ეს სახალისო პროცესი არ იქნება, აშშ-შიც ჩვენი საკუთარი გაყოფილი სისტემა გვაქვს, მაგრამ ამას გავუძლებთ. იმედია, საქართველო, ამ დანაწევრებულ დროში ასევე გაუძლებს. თქვენ ბევრი გაქვთ დასამტკიცებელი და ამას გააკეთებთ კიდეც.” – აღნიშნა კინზინგერმა.
შეგახსენებთ, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის პროექტს მხარი 115-მა დაუჭირა. წინააღმდეგ კი 3 წავიდა.
ასევე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი შეეხო პანდემიასთან დაკავშირებულ ვითარებასაც და აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს პარტნიორობის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია.
„რაც შეეხება COVID-ს, ვაგრძელებთ იმაზე დაკვირვებას, რაც საქართველოში ხდება. რა თქმა უნდა, მოვლენები კარგად განვითარდა, მაგრამ ეკონომიკის ხელახალი გახსნის ფონზე, შემთხვევათა ზრდის დროს, ვაგრძელებთ ქართველ ხალხთან ყოფნას. იმედი გვაქვს, ყველაფერი მალე აღდგება როგორც საქართველოში, ისე – მსოფლიოში. ეს მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსა და აშშ-სთვის, რათა ჩვენი ძლიერი პარტნიორობა წავიდეს წინ და ისეთი ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობისთვის, რაც ერთმანეთთან გვაქვს. საქართველოს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად ვთვლით, ეს ყოველთვის პირიქით არ არის. ასე რომ, ამაზე დაკვირვებას გავაგრძელებთ, ისევე, როგორც უკანონო ოკუპაციაზე.” – განუცხადა კინზინგერმა ჟურნალისტებს.
ადამ კინზინგერმა ასევე, ისაუბრა 13 კონგრესმენის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტზე, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც „პუტინის მოკავშირე“ და უპასუხა კითხვას, იცოდა თუ არა კონგრესმენმა დონ ბეიკონმა აღნიშნული ნაწილის შესახებ, ბეიკონის იმ განცხადებიდან გამომდინარე, რომ მას ანგარიშის ამ ნაწილის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია.
„კონგრესი ბევრ ანგარიშს და კანონპროექტს იღებს. ყველაფერი, რაც გამოდის, შეიძლება მთლიანად არ იყოს წაკითხული. როგორც წარმოგიდგენიათ, მსოფლიოში ბევრი ქვეყანაა, რომლის მიმართაც ინტერესი გვაქვს, და რა თქმა უნდა, ბევრი საკვანძო მოკავშირე, როგორიც საქართველოა. ეს არ ნიშნავს, რომ 235-ივე წევრმა აბსოლუტურად ყველაფერი მაშინვე იცის იმის შესახებ, რაც იმ მომენტში გამოიცემა. ბეიკონმა იცოდა თუ არა, მე გეტყვით, რომ ყველამ იცის საქართველოს შესახებ და საქართველომ გაიკვალა გზა აშშ-ს კონგრესში, რაც კარგია.” – აღნიშნა კინზინგერმა.