პოლიციამ ქალი ჩვილის მკვლელობისთვის შეცდომით დააკავა

გარდაცვლილი ჩვილის ისტორიის სკანდალური გაგრძელება… როგორც ირკვევა, 17 წლის გოგო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ დააკავა, პოლიციამ რამდენიმე საათში გაათავისუფლა. ირკვევა ისიც, რომ დედის მიერ ჩვილის განზრახ მკვლელობისთვის პოლიციამ ახალგაზრდა ქალი შეცდომით დააკავა.
არასრულწლოვნის დედის განცხადებით, მისი ქალიშვილი ორსულად არ ყოფილა და საქმესთან კავშირი არ ჰქონია.
“არ ვიცი, ვინ რა იჭორავა. პოლიციამ მითხრა, უნდა გადავიყვანოთო, წინააღმდეგობა არ გამიწევია. საქმე გვაქვს ხალხის უაზრო ნაჭორავებთან. გამოძიება ალბათ, დაიწყეს და ყველაფერი გაირკვევა.” – ამბობს გოგონას დედა.
მეზობლების ნაწილი ამბობს, რომ არასრულწლოვანი შემთხვევის დღეს ქუჩაში დედასთან ერთად სეირნობდა და მას მუცელი საერთოდ არ ეტყობოდა.
“დედა იძახდა, თავს მოვიკლავო. მერე წაიყვანეს, ექსპერტიზა გაუკეთეს და ბოლოს გამოუშვეს. გოგონას თითქმის ყოველდღე ხედავდა და ის 9 თვის ფეხმძიმე ნამდვილად არ იყო.” – აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.
შეგახსენებთ, თბილისში, გლდანულაში, საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ჩვილის ცხედარი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ახალშობილის ცხედარი მეზობლებმა ნახეს, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს.