პრემიერ-მინისტრი: სავარაუდოდ წამების ამსახველი კადრების ბევრი ასლია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის  თქმით, სავარაუდოდ წამების ამსახველი კადრების ბევრი ასლი არსებობს, გასაჯაროების ფაქტს კი გამოძიება იკვლევს. “წამების ამსახველი კადრები ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს იქნა აღმოჩენილი, ჩვენ გამოვიძიეთ ეს ძალიან მძიმე დანაშაული და ოპერატიულად გავხსენით საქმე; ყველა დამნაშავე პირი იქნა დასჯილი,მათ მისჯილი აქვთ 9-12 წლები,” -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან წამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ განაცხადა.

სააკაშვილის ხელისუფლებამ შექმნა სადისტური რეჟიმი, ისინი სასტიკად აწამებდნენ საკუთარ მოსახლეობას. “ნაციონალური მოძრაობა,” რომლებიც დღესაც აცხადებს პრეტენზიას ქვეყნის მართვაზე, ვერ აცნობიერებს იმ მძიმე დანაშაულს, რომელიც ჩაიდინეს მოსახლეობის წინაშე. ქართველმა ხალხმა მათ უკვე გამოუტანა განაჩენი 2012 წლის 1 ოქტომბერს. ეს კადრები კი კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოში არანაირი დემოკრატია არ არსებობდა, ადამიანებს აწამებდნენ. კადრების გავრცელების ფაქტს რაც შეეხება, საუბარია რამდენიმე ვერსიაზე, რომ იგივე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიჰყიდეს უკრაინელებს და ასე შემდეგ. ამას გამოძიება დაადგენს,”-განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მისივე თქმით, რიგი მედიასაშულებებით გავრცელებული ინფორმაცია, წამების ამსახველი კადრების განადგურების შესახებ, არასწორია.

“მე არ მიმიცია დაპირება ამ კადრების განადგურების, ამის უფლება არ მქონდა, რადგან კანონზე მაღლა არავინ დგას. ჩვენ გავანადგურეთ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირები. რაც შეეხება წამების კადრებს, ამის განადგურების უფლება არავის აქვს, ის ინახება საქმეში, პროკურატურაში,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა დღეს მედიასთან კომენტარი ენ-დი-აი-ს კვლევებზეც გააკეთა.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც უშუალოდ, ფიზიკურად ახორციელებენ NDI-ს კვლევებს, პირდაპირ დაკავშირებულნი არიან “ნაციონალურ მოძრაობასთან”. ყველაზე მთავარ კვლევად კი პრემიერი არჩევნების დღეს მიიჩნევს.

“ბევრი კითხვის ნიშანი ისმის მრავალი წელია NDI-ს კვლევების მიმართ. მინდა, თავად ორგანიზაციის მისამართით ჩემი პატივისცემა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო. მაგრამ, ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში უშუალოდ ახორციელებენ ამ კვლევებს, პირდაპირ არიან დაკავშირებულნი “ნაციონალურ მოძრაობასთან”. ეს კვლევა ჩვენი მოსახლეობისთვის არ არის საინტერესო. მოსახლეობას აინტერესებს, თუ რას აკეთებს და რის გაკეთებას აპირებს მთავრობა, რაც აისახება მათ მდგომარეობაზე. რაც მთავარია, ყველაზე მთავარი კვლევა არის არჩევნების დღე, იქ გამოჩნდება ვის ენდობა ხალხი და ვის ანდობს ჩვენს ქვეყანას,”-აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button