რუსეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრნენ

მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციას ევროკავშირის წევრი ქვეყნების, საფრანგეთის, საბერძნეთის, კვიპროსის, მალტის, უნგრეთისა და სლოვაკეთის წარმომადგენლები დაესწრნენ. ისინი ინაუგურაციაზე საელჩოს დიპლომატებით იყვნენ წარმოდგენილი.
მანამდე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა რეკომენდაციით მიმართა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, არ გაეგზავნათ წარმომადგენლები ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციის ცერემონიაზე.
„სწორი იქნება, არ ეწვიოთ ამ ინაუგურაციას. ჩემი რჩევაა, არ გააკეთოთ ეს. ვფიქრობ, რომ წევრი ქვეყნების უმეტესობა მონაწილეობას არ მიიღებს“, – განაცხადა ბორელმა.
საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი ინაუგურაციაზე დასასწრებად წარმომადგენლებს არ გაგზავნის, მათ შორის არც შტატები და არც გაერთიანებული სამეფო.
ბრიუსელში მყოფ რამდენიმე დიპლომატზე დაყრდნობით, უცხოური მედია წერს, რომ საფრანგეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი, “საკომუნიკაციო არხების ღიად შენარჩუნების მიზნით”, რუსული მხარის მიწვევას მიიღებენ.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ინაუგურაციას ევროკავშირის წევრი ექვსი ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო, ევროკომისიის პრესსპიკერმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების წარმომადგენელმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ინაუგურაციაზე დასწრების გადაწყვეტილება ცალკეულმა სახელმწიფოებმა დამოუკიდებლად მიიღეს.
შეგახსენებთ მოსკოვში დღეს ვლადიმერ პუტინის ინაუგურაცია გაიმართება. ის, რუსეთის პრეზიდენტის რანგში, ფიცს მეხუთედ დადებს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მარტში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინმა ხმების 87% აიღო.
რუსეთის კონსტიტუციით, 1991-დან 2020 წლამდე პრეზიდენტად კენჭისყრა ნებადართული იყო ზედიზედ მხოლოდ ორი ოთხწლიანი ვადით.
პუტინის პირველი ორი ვადა მოიცავდა 2000-2008 წლების პერიოდს.
2008 წლის საკონსტიტუციო ცვლილებით, 2012 წლიდან არჩეული პრეზიდენტების უფლებამოსილების ვადა ექვს წლამდე გაიზარდა.
ვლადიმირ პუტინი პირველი ექვსი წლის ვადით რუსეთის პრეზიდენტი გახდა 2012 წელს, მეორედ კი – 2018 წელს.
2020 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადები „განულდა“, რის საფუძველზეც, პუტინს კენჭისყრის შესაძლებლობა მიეცა კიდევ ორი ვადით – 2024 და 2030 წლებში.