მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტები უკრაინის სამხრეთში დასახლებულ პუნქტებზე იერიშს არ წყვეტენ

4 დაღუპული და 7 დაშავებული – დონეცკის ოლქში აგრესორის შეტევას ისევ მსხვერპლი მოჰყვა. ოკუპანტები უკრაინის სამხრეთში დასახლებულ პუნქტებზე იერიშს არ წყვეტენ. განადგურებულია ათობით საცხოვრებელი სახლი და კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა. უკვე თითქმის კვირაზე მეტია, რუსული არმია წერტილოვანი დარტყმებით პროდუქტების და ჰუმანიტარული დახმარების საცავებს ანადგურებს.

ოკუპანტის ავიადარტყმებს მსხვერპლი მოჰყვა ლუჰანსკის ოლქშიც. დაიღუპა 2 მშვიდობიანი მოქალაქე და კრიტიკულ მდგომარეობაშია 12 ადამიანი. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს სევეროდონეცკისთვის.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსული არმია მელიტოპოლის გარშემო თითქმის ყველა საგუშაგოს ტოვებს. რამდენიმე მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა კონტრშეტევაც წამოიწყეს. ღამის განმავლობაში მხოლოდ ლუჰანსკის და დონეცკის ოლქებში, ოკუპანტების 11 მასიური შეტევა მოიგერიეს.

უკრაინელი ოფიციალური პირის განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონის რეგიონში, 600-მდე ადამიანი მძევლად არის აყვანილი, რომლებიც სპეციალურად აღჭურვილ სარდაფებში იმყოფებიან.

“600-დან ნახევარი მძევლად ჰყავთ აყვანილი ხერსონის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობაში, წინასწარი დაკავების ცენტრში და ქალაქ ჰენიჩესკის მე-17 პროფესიულ სასწავლებელში,” – თქვა უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამილა ტაშევამ.

უკრაინელი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ მძევლებს შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები, აქტივისტები, ჟურნალისტები და სამხედრო ტყვეები. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ისინი არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან და მათ აწამებენ.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის წარმომადგენლის თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილი ხერსონის რეგიონიდან ყირიმშია გადაყვანილი.

ამასთან ოკუპანტებმა განაახლეს იმ ტერიტორიების დაბომბვა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დატოვეს. ერთ-ერთი ასეთი ხარკოვია. საარტილერიო და საჰაერო იერიში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტზე. განადგურებულია ხარკოვის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიპერმარკეტი. იერიშს 5 მშვიდობიანი ემსხვერპლა, დაშავდა – 12.

უმძიმესი მდგომარეობაა მარიუპოლში. ზღვისპირა ქალაქში მედიკამენტების და სასმელი წყლის დეფიციტია. ამასთან, ოფიციალური კიევი ქოლერის გავრცელების საშიშროებაზე საუბრობს და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს დახმარებისკენ მოუწოდებს.

ჯერჯერობით უცნობია თუ როდის მოხდება “აზოვის” პოლკის მებრძოლების რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლა. კრემლში ჯერჯერობთ არ ჩქარობენ. მეტიც, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც 1000-მდე ჯარისკაცის დაკითხვა მიმდინარეობს. დღეს თურქ კოლეგასთან შეხვედრისას, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დასაწყებად ზელენსკის მიერ წაყენებული პირობები, რაშიც რუსული ჯარის 24 თებერვლამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნება იგულისხმება, არასერიოზულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button