რა უნდოდა ნეტავ? – ლია კამლაძის ბლოგი

სტიქიით გამოწვეული შოკიდან ძლივს გამოვედი და…ახალი შოკი…. დამირეკეს: ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს ჩემთან შეხვედრა უნდა. ,,ვიიიისსს” – ძლივს ამოვთქვი კარგახნიანი პაუზის შემდეგ. ხუმრობას არ ჰგავს…,,რა საკითხზე”?-დავსვი კითხვა.

,,სამ საათზე მობრძანდებით და გაიგებთ” -იყო თავაზიანი და ლაკონური პასუხი. კიდევ კარგი, მეორე დღეს არ დამიბარეს, უნდა მენერვიულა და მეფიქრა, რა უნდა უნდოდეს…ისე, მართლა, რა უნდა უნდოდეს?…

გავრბი-გამოვრბივარ, ვემზადები და თან ვფიქრობ, ვფიქრობ…ალბათ, აკადემიურად უნდა ჩავიცვა. ამ სიცხეში პიჯაკი გამოვრიცხე, თეთრი პერანგი და შავი შარვალი (მგონი არა უშავს, არანაირი სამკაული, მაჯის პატარა საათი)…მზად ვარ.

ტაქსი გამოვიძახე, ოპერატორმა მისამართი რამდენჯერმე გამამეორებინა ( რაღაცაში ეჭვი შეეპარა)…მძღოლი სალაპარაკოდ არის მომართული…ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ლაპარაკს ფიქრი მირჩევნია, გული ისე მიცემს და ისეთი აჟიტირებული ვარ, მაინც ვერაფერს ვფიქრობ და მძღოლს შორისდებულებით ვპასუხობ. საუბრის თემა მძიმე დღეებია, რომელიც ყველამ ერთად გადავიტანეთ.

ვსაუბრობთ ახალგაზრდებზე, რომელთა შემართებამ და თავდადებამ მომავლის იმედი ჩაგვისახა. პეკინზე შუქნიშანთან გავჩერდით, გოგონები გადასასვლელად ემზადებიან. უცებ, ერთი მუხლებში ჩაიკეცა და ძირს დავარდა…ჩუმად შევკივლე. კიდევ კარგი, მოძრაობა გაჩერებულია. წყლიანი ბოთლი, ისედაც, სულ ხელში მიკავია, წამლების პარკი კი,- ჩანთაში მიდევს.

გადმოვხტი მანქანიდან. დაბნეული ბავშვები პანიკაში არიან. გოგონას, ალბათ, სიცხისგან გული წაუვიდა, შეიძლება მშიერიც არის…

მოკლედ, წყალს ვაპკურებ, ყურებს ვუზელ, პირში გულიდოლს ვჩრი, ჩემი ჭკუით ყველაფერს ვაკეთებ, რაც ასეთ დროს შეიძლება. ხალხიც მეხმარება, სასწრაფოშიც დარეკეს… გოგონას ცოტა ფერი მოუვიდა, ხელის თითებს ვუსრეს (ამ სიცხესი გაყინული აქვს)…ჩემი მძღოლი ექთნის ფუნქციებს ითავსებს და ჩემს განკარგულებებს ასრულებს (ცხვირსახოცი დაასველა, წამლებს ეძებს)…გოგონამ მოიხედა…

წამოდგომას ვუშლით და ვარკვევთ რა მოუვიდა, ხომ არ შია…ამასობაში სასწრაფოც მოდის და მე მოვლენების მთავარი გმირი ვარ. ვუყვები ექიმებს რა და როგორ ვქენით. გოგონას წნევას და პულსს უზომავენ (უკვე კარგად არის, წამოჯდა)…ჩემი მისია შესრულებულია, კმაყოფილი და ცოტა გაბღენძილი ტაქსიში ვჯდები და ახლა მძღოლის ქათინაურებს ვისმენ ,,რა ყოჩაღი გოგო ვარ”…ამასობაში, სად მივდიოდა სულ გადამავიწყდა, აღარ ვნერვიულობ…

მივაღწიეთ და როგორც მოლაპარაკებული ვიყავით ვრეკავ…მამაკაცი გაკვირვებული ხმით მპასუხობს, რომ მე, მთელი ნახევარი საათით დავაგვიანე და რომ ჩემი აუდიენციის დრო, 15-წუთი, კარგა ხანია ამოიწურა…,,მსაგავსი შემთხვევა არ გვქონია, თქვენ ვერ დაგელოდებოდათ, სხვა შეხვედრებიც აქვს”-ო…,,რა ვქნათ, ახლა?”-ვეკითხები…

,,რა ვიცი, უნდა დაელოდოთ, კიდევ როდის მოისურვებს თქვენს ნახვას. ნეტავ, უფრო მნიშვნელოვანს რას აკეთებდით?”-ბოლო სიტყვები მკაცრ ტონალობაში…

ახსნა-განმარტება საჭიროდ არ ჩავთვალე, კიდევ კარგი, ჩემი მძღოლი დამელოდა…ძალიანაც არ მიდარდია…ისე, რა უნდოდა, ნეტავ?

მსგავსი პოსტები

Back to top button