სააკაშვილის შესაძლო ვიცე-პრემიერობით გამოწვეული ვნებათაღელვა
ჩვენ სუვერენული სახელმწიფო გვაქვს და ვერც ერთი ქვეყანა მსოფლიოში ვერ გვეტყვის, ვინ დავნიშნოთ ვიცე-პრემიერად და ვინ არა – ამ სიტყვებით გამოეხმაურა უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია, საქართველოს ხელისუფლებაში გაკეთებულ განცხადებას მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნის შესახებ.
დეპუტატის თქმით, არსებული რიტორიკით, საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებს, საიდანაც საქართველო უფრო დიდ პრობლემებს გადააწყდება, ვიდრე უკრაინა.
“ვიღაცამ, ვიღაც პირველ პირადაც კი არა, არც მეორე, არამედ ვიცე-პრემიერად წამოაყენა. მაშ რისთვის არის საჭირო ასეთი აგრესია? ძალიან საშიშია იმის ნახვა, როდესაც ჩვენი ქვეყნის სუვერენულ გადაწყვეტილებაზე გვერდით მყოფი, გაცილებით მცირე ქვეყანა ასე რეაგირებს. თუ ჩვენ დიპლომატიური პრობლემები შეგვექმნა, საქართველოს ეს გაცილებით მეტ პრობლემას შეუქმნის. საქართველო აშშ არაა და ეს ყველას უნდა ახსოვდეს.
უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა, ამიტომ ჩვენ ქვეყანას ვერავინ უკარნახებს, ვინ სად დაინიშნება. ან ვინ იქნება ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში. მე პოლიტიკოსი ვარ და არა დიპლომატი. ამიტომ, როგორც პოლიტიკოსი გეუბნებით, რომ ეს უბრალოდ ზეწოლის მცდელობაა. არავის არ აქვს სუვერენულ სახელმწიფოზე ზეწოლის უფლება,” – განაცხადა ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარემ, დავით არახამიამ დასძინა, რომ კარანტინის დაწესებამდე უკრაინა საქართველოში ტურისტების რაოდენობის მხრივ მეორე ადგილს იკავებდა და თბილისი ტურისტების ამ სეგმენტის დაკარგვას არ ისურვებს.
მიხელ სააკაშვილის უკრაინის ვიცე პრემიერად შესაძლო დანიშვნას ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც გამოეხმაურა.
არჩილ თალაკვაძემ უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერს, დიმიტრო რაზუმკოვს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, წერილით მიმართა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თავის უკრაინელ კოლეგას იმ დანაშაულებს ახსენებს, რომლის გამოც სააკაშვილი საქართველოში გაასამართლეს.
“ძვირფასო კოლეგა, დიდად ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც ურთიერთგაგებას ეფუძნება. საქართველო და უკრაინა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოები არიან, დიდი მიღწევებითა და გამოწვევებით. ჩვენ საერთო ინტერესები და მიზნები გაგვაჩნია ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
სწორედ ეს განსაკუთრებული ურთიერთობა მაძლევს უფლებას, წერილით მოგმართოთ თქვენ და ჩემს კოლეგებს “ვერხოვნა რადა”-ში, რათა ჩვენი წუხილი გაგიზიაროთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით.
ბატონო სპიკერო, ყველასთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულმა სასამართლოებმა დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის რიგი სერიოზული ბრალდებებით. ამ მძიმე დანაშაულებში მისი ბრალეულობა დაადასტურა სამივე ინსტანციის სასამართლომ. ბატონ სააკაშვილს ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა მისი ადმინისტრაციის პირობებში ადამიანის უფლებათა სისტემურ ჩავარდნებზე, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე, მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე, საკუთრების უფლებების დარღვევებზე და თავისუფალი არჩევნების ჩატარების საფრთხეში ჩაგდებაზე. შესაბამისად, მისი შესაძლო დანიშვნა შეარყევს ურთიერთნდობას ჩვენს სახელმწიფოებსა და ინსტიტუტებს შორის. მისი შესაძლო დანიშვნა ჩრდილს მიაყენებს პოლიტიკურ თანამშრომლობას ჩვენს მთავრობებს შორის და ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას.
ჩვენ ბევრი საერთო გამოწვევა და მიზანი გვაქვს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე, ასევე, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების თვალსაზრისით. გწერთ, რადგან მჯერა, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უნდა იცოდნენ ეს გარემოებები და ესმოდეთ ჩვენი შეშფოთების საფუძველი, რომელიც უკრაინელი კოლეგებისთვისაც უნდა იყოს ცნობილი გადაწყვეტილების მიღებამდე.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა გაგრძელდება მომდევნო წლებში ჩვენი ერების საუკეთესო ინტერესებისთვის. ძვირფასო კოლეგავ, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას.“ – წერია წერილში.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს “საქართველოს დიპლომატთა კლუბი” ეხმაურება და მას ქვეყნისთვის საზიანოს და უპასუხისმგებლოს უწოდებს:
“ყველანი ვხედავთ, რომ ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა, – ერთი მხრით, პანდემია, ეკონომიკური სიდუხჭირე, პოლიტიკური კრიზისი. სახელმწიფო, ფაქტობრივად, ჩამოქცევის ზღვარზეა, ხოლო ხელისუფლება დაკავებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დევნით. არგუმენტაცია და შეფასებები სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნის გამო, საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებას იდენტური აქვთ. ეს ხდება საქართველოში უმაგალითო გაჭირვების და რეალურად სახელმწიფოებრიობის გადარჩენა-არგადარჩენის ფონზე.
მაშინ, როდესაც საქართველოში ბატონობს ძალადობა, კორუფცია, ჩამოშლის პირასაა ეკონომიკა, უამრავი ადამიანი შიმშილობს, ციხეებში გამოკეტილია პოლიტიკური პატიმრები, თავისუფალი სამყარო “ოცნების” ხელისუფლებას აღარ აღიქვამს სრულფასოვან პარტნიორად, საქართველოს ფაქტობრივი მმართველი და მისი გუნდი უტევს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, უკრაინას. მიმდინარეობს საუბარი შანტაჟისა და მუქარის ენით. ასე ექცევიან იმ ქვეყანას, რომელსაც, უმძიმეს წუთებშიც კი, არასდროს უღალატია საქართველოსთვის. ასე ელაპარაკებიან ქვეყანას, რომელსაც უმძიმესი დაპირისპირება აქვს რუსეთთან – საქართველოს და უკრაინის სუვერენული ტერიტორიების ნაწილების ოკუპანტთან.
ასეთი განცხადებები უაღრესად საშიში და მიუღებელია, ასეთი გამოხტომები აზიანებს საქართველოს ისედაც შელახულ საერთაშორისო იმიჯს და გვიქადის მეტ გართულებებს ჩვენს პარტნიორებთან. საქართველოს ხალხის მისწრაფება ევროინტეგრაციისა და ნატოსკენ საერთაშორისო პოლიტიკურ კონცეფციაში გადაბმულია უკრაინასთან. საქართველოს ხელისუფლების გაუაზრებელი პოზიცია აზიანებს ამ მისწრაფებას, ამ აუცილებელ ერთობას.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, კარგად გააცნობიეროს, თუ რასთან აქვს საქმე. თავი შეიკავეთ და შეეშვით გაუაზრებელი, ქვეყნისათვის საზიანო განცხადებების გაჟღერებას,” – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეფორმების საკითხებში ქვეყნის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. სააკაშვილის ვიცე-პრემიერის პოსტზე კენჭისყრა ხუთშაბათს შედგება.