
საფრანგეთში სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებთან კორონავირუსის გამოვლენის შემდეგ, 50-ზე მეტი სკოლა ისევ დაიხურა. ინფორმაციას ამის შესახებ BFMTV ავრცელებს.
ნიცის ერთ-ერთ სკოლაში კორონავირუსი 10 წლის მოსწავლეს დაუდასტურდა, რის გამოც ტესტირება მის ყველა თანაკლასელსა და მასწავლებელს ჩაუტარდება. სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა და ის 28 მაისამდე დაიხურა.
ახალი აკვიტანიის რეგიონში რამდენიმე სკოლაში კორონავირუსი პერსონალის წარმომადგენლებს გამოუვლინდა, თუმცა მათ მოსწავლეებთან კონტაქტი არ ჰქონიათ. მიუხედავად ამისა, სკოლები ისევ დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ.
განათლების მინისტრის, ჟან-მიშელ ბლანკეს განცხადებით, 11 მაისს სწავლა 40 ათას სკოლაში განახლდა და ერთი კვირის განმავლობაში სკოლებში კორონავირუსის 70 შემთხვევა დაფიქსირდა.