საქართველო Freedom House-ის ანგარიშში
ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ინტერნეტი მილიონობით ადამიანისთვის ყოველწლიურად თანმიმდევრულად იზღუდება. შესწავლილი 65 ქვეყნიდან ინტერნეტის თავისუფლება 21-ში შეიზღუდა.
ევრაზიის რეგიონში თავისუფალი ქვეყნების ჩამონათვალს საქართველო ლიდერობს 24 ქულით, შარშან ეს მაჩვენებელი 26 იყო, მეორე ადგილზეა მეზობელი სომხეთი 28 ქულით. ამავე ჩამონათვალში ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებად არიან შეფასებული აზერბაიჯანი და თურქეთი. საქართველოს ერთადერთი არათავისუფალი მეზობელი კი რუსეთია 62 ქულით.
ანგარიში 2014 წლის ივნისიდან -2015 წლის მაისის პერიოდს მოიცავს.
Freedom House-ი აღნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოში არ დაფიქსირებულა სოციალური მედიისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აპლიკაციების, ასევე პოლიტიკური და სოციალური კონტენტების დაბლოკვის ფაქტები. ასევე არ მომხდარა ბლოგერებისა თუ IT-მომხმარებელთა დაკავების ფაქტები. Freedom House-ი აღნიშნავს, რომ საქართველოში ინტერნეტი მოსახლეობის 49%-ს აქვს.