საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2 392 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზეა განთავსებული.
ბოლო 24 საათში არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ის კვლავ 1 369 ადამიანს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმშია 5 882 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 390. ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
მსოფლიოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 307 930 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დროიდან. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.
ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ 19-ს კიდევ 5 537 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 917 417-ს მიაღწია.
შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა, 94 372 ახალი შემთხვევა, ინდოეთში გამოვლინდა; აშშ-ში, – 45 523, ბრაზილიაში კი, – 43 718.
როგორც აშშ-ში, ასევე ინდოეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 1 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ბრაზილიაში კი, 874 ფატალური შემთხვევა დადასტურდა.
ჯანმო-ს ინფორმაციით, ინფიცირების შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი ბოლოს 6 სექტემბერს დაფიქსირდა, როდესაც მსოფლიოში 306 857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა კი, 17 აპრილს დადასტურდა, როდესაც ვირუსს 12 430 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.