შსს-მ გურჯაანში მომხდარი მკვლელობა გახსნა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა.- განცხადება სამინისტრომ რამდენიმე წუათის წინ გაავრცელა.
“კახეთის პოლიციამ ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა” – დაკავებულია 1 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნეს.
ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და კიდევ ორი პირის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია 1964 წელს დაბადებული ზ.დ.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეზობელს – 1974 წელს დაბადებულ კ.ს.-ს, რის შემდგომაც, ამავე იარაღიდან გასროლით მოკლა მეუღლე – 1967 წელს დაბადებული ლ.დ.
ბრალდებულმა, ასევე, სხეულზე დაზიანება მიაყენა ორ მეზობელს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ზ.დ. მომხდარიდან მალევე, გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებული აღიარებს დანაშაულს.დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში