მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

სუს-ის ბრალდება და “მთავარი არხის” პასუხი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, საბოტაჟის საქმეზე გამოკითხული “მთავარი არხის” რესპონდენტები ამბობენ, რომ ტელეკომპანიამ მათი კომენტარები დაამონტაჟა. უწყებაში აცხადებენ, რომ “მთავარმა არხმა” აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები არასწორად თარგმნა და გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსის დასახელების სანაცვლოდ, მოქალაქეებს 3 000-დან 10 000 ლარამდე სთავაზობენ.

პასუხად, “მთავარ არხში” აცხადებენ, რომ აზერბაიჯანულენოვან ვერსიას, ტიტრებით დღეს საღამოს, 9-სააათიან გამოშვებაში აჩვენებენ.

“მოქალაქეებმა, რომლებიც სიუჟეტში არიან ნაჩვენები, გამოკითხვის დროს განაცხადეს, რომ ტელეკომპანია მთავარი არხის მიერ მომზადებულ სიუჟეტში, მათი ინტერვიუები იყო დამონტაჟებული, კერძოდ მათ ჟურნალისტს განუცხადეს, რომ არ ფლობენ ინფორმაციას, მედპერსონალის და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სიკვდილის მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების თაობაზე.” — წერია სუს-ის განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, სიუჟეტში ჩაწერილმა პირებმა გამოხატეს უკმაყოფილება და მოითხოვეს ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება. მათივე თქმით, “გამოძიებით გამოიკვეთა, რომ სიუჟეტი დეზინფორმაციული შინაარსის იყო”.

“აღნიშნული ქმედებით ტელეკომპანია მთავარი არხი, ერთის მხრივ შეეცდებოდა ხელისუფლების დისკრედიტაციას და დაადანაშაულებდა მას მიზანმიმართულ უკანონო ქმედებაში, ხოლო მეორეს მხრივ, საზოგადოებაში დათესავდა დაუცველობის განცდას და მსოფლიოში გამოცხადებული ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოს მოსახლეობის დეზინფორმირების გზით, უარყოფით ზემოქმედებას მოახდენდნენ მოქალაქეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა მათ სამართლიან პროტესტს და ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დაწესებულებების და ორგანიზაციების შეუფერხებელ ფუნქციონირებას.” — წერია სუს-ის განცხადებაში.

ამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. ამ მუხლით გამოძიება რამდენიმე თვის წინ კორონავირუსზე ცრუ შეტყობინებების დაგზავნის შემდეგ დაიწყო.

სიუჟეტი მთავარი არხის ეთერში 20 ივნისს გავიდა. რესპონდენტები მარნეულიდან ტელევიზიასთან საუბრისას აცხადებდნენ, რომ კონკრეტულ პირებს 10 000 ლარი შესთავაზეს იმის სანაცვლოდ, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალების მიზეზად კორონავირუსი დაესახელებინათ. ისინი სუს-ში დღეს დაკითხეს.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button