მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ახალი ცხელი წერტილი მსოფლიოში-აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებს თავს დაესხნენ

ახალი ცხელი წერტილი მსოფლიოში-სავაჭრო გემებზე იემენელი მეამბოხეების თავდასხმის პასუხად შეერთებული შტატები და ბრიტანეთი დაბომბვების სერიას ახორციელებს ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთიტების ობიექტებზე – რაც მყისიერად დაგმო თეირანმა, მატულობს შეშფოთება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოების თაობაზე, ღაზაში მიმდინარე ომის ფონზე.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი განცხადებაში ამბობს, ამ ნაბიჯის მიზანი იყო იმის ჩვენება, რომ აშშ და მისი მოკავშირეები “არ მოითმენენ” ირანის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეების ჯგუფის მხრიდან გახშირებულ თავდასხმებს წითელ ზღვაზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის ნავიგაციის თავისუფლებას და აშშ-ის ფლოტის წარმომადგენლებს.

მეამბოხეთა განცხადებით, განხორციელდა 73 დარტყმა, რომლებსაც სულ მცირე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა ასევე მეამბოხეების სამხედრო ინფრასტრუქტურის უდიდესი ნაწილია განადგურებული

“ეს დარტყმები პირდაპირი პასუხია ჰუთიტების უპრეცედენტო თავდასხმებზე საერთაშორისო საზღვაო ხომალდებზე წითელ ზღვაში” – აცხადებს ბაიდენი, რომლის თქმითაც მისიაში ასევე მონაწილეობდნენ ავსტრალია, ბაჰრეინი, კანადა და ჰოლანდია.

დასავლელი მოკავშირეების ქმედებას თავად იემენში უდიდესი სახალხო მღელვარება მოყვა. ქვეყნის ხელისუფლება შურისძიებითაც კი იმუქრება. ამბოხებულების ხელისუფლება ამტკიცებს, რომ თავდასხმა მხოლოდ ისრაელისკენ მიმავალ გემებზე ხორციელდებოდა, თუმცა ფაქტია, რომ ბოლო დროის განმავლობაში წითელ ზღვაში ხომალდების მიმოსვლა ფაქტობრივად შეწყდა.
ნოემბრის შემდეგ, წითელ ზღვაში გემებზე 27 თავდასხმა მოხდა, რამაც 50 ქვეყანა დააზარალა და 2000-მდე ხომალდს მიმართულების შეცვლა აიძულა. “ჰუსიტების” აგრესიის მიზანი, “ჰამასის” მიმართ სოლიდარობა და ისრაელის და მისი მოკავშირეების დაზიანებაა. ამერიკის და ბრიტანეთის იერიშის შემდეგ, “ჰუსიტები” ამერიკის შეერთებულ შტატებს დაემუქრნენ.

ვაშინგტონი ამბობს, რომ თუ საჭირო გახდება, ნაოსნობის დასაცავად ზომებს ისევ მიიღებს. “ჰამასი”-ისრაელის ომის დაწყების შემდეგ, ამერიკის სამხედრო ძალებმა თეირანის სხვა მარიონეტების წინააღმდეგ იერიშები ერაყსა და სირიაში მიიტანეს, დღევანდელი ოპერაცია კი პირველი სამხედრო იერიშია იემენში, ირანის მოკავშირე ჰუსიტების წინააღმდეგ.
ცნობისთვის ათი ქვეყანა, მათ შორის აშშ, ბრიტანეთი და კანადა, იემენში „ჰუსიტების“ წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავს, რომ ეს დარტყმები განხორციელდა ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის განუყოფელი უფლების საფუძველზე.

განცხადებას უერთდებიან აშშ, კანადა, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, დანია, გერმანია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა და ბაჰრეინი.

გავრცელებული განცხადებით, წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ მიერ გემებზე უკანონო, სახიფათო და დესტაბილიზაციისკენ მიმართული მუდმივი თავდასხმების საპასუხოდ, აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებულმა ძალებმა, ნიდერლანდების, კანადის, ბაჰრეინისა და ავსტრალიის მხარდაჭერით, ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის განუყოფელი უფლების საფუძველზე, გაერო-ს წესდების შესაბამისად, ერთობლივად განახორციელეს დარტყმები იემენში, „ჰუსიტების“ მიერ კონტროლირებად რაიონებში სამიზნეებზე.

ათი ქვეყნის განცხადებით, მაღალი სიზუსტის დარტყმების მიზანი იყო „ჰუსიტების“ შესაძლებლობების შესუსტება, რომლებსაც „ჰუსიტები“ იყენებენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო მარშრუტზე გლობალური ვაჭრობისა და საერთაშორისო მეზღვაურებისთვის საფრთხის შესაქმნელად.

როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ნოემბრის შუა რიცხვებიდან „ჰუსიტებმა“ წითელ ზღვაში 20-ზე მეტი თავდასხმა განახორციელეს კომერციულ გემებზე, რაც საერთაშორისო გამოწვევას წარმოადგენს. დღევანდელმა დარტყმებმა კი აჩვენა საზღვაო მიმოსვლის, საერთაშორისო ვაჭრობისა და უკანონო და გაუმართლებელი თავდასხმებისგან მეზღვაურთა სიცოცხლის დაცვის მიმართ მხარდაჭერა.

„ჩვენს მიზნად რჩება წითელ ზღვაში დაძაბულობის შემცირება და სტაბილურობის აღდგენა, თუმცა ჩვენი გზავნილი მკაფიოა: ჩვენ ყოყმანის გარეშე დავიცავთ ადამიანთა სიცოცხლეს და სავაჭრო ნაკადებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ საზღვაო გზაზე არსებული საფრთხეების წინაშე“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეერთებული შტატების და ბრიტანეთის მიერ ჰუთების ობიექტების დაბომბვამდე ცოტა ხნით ადრე, 9 იანვარს, იემენელმა მეამბოხეებმა 20-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტით და დრონით შეუტიეს წითელ ზღვაში მყოფ გემებს. თავდასხმა ამერიკულმა და ბრიტანულმა სამხედრო გემებმა და ავიაციამ მოიგერიეს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ იემენში მეამბოხეთა პოზიციებზე დარტყმები თავდაცვაა, რადგან ბოლო თვეებში მათ არაერთი საშიში და დესტაბილიზაციის გამომწვევი შეტევა განახორციელეს წითელ ზღვაში და საფრთხე შეუქმნეს ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების გემებს. დიდი ბრიტანეთის და შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა დარტყმები განახორციელეს ავსტრალიის, კანადის, ნიდერლანდისა და ბაჰრეინის მხარდაჭერით.

პასუხად ჰუთების წარმომადგენელმა, გენერალმა აბდუსალამმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ თავდასხმებს არ შეწყვეტენ, სანამ ამერიკელებს და ბრიტანელებს რეგიონს არ დაატოვებინებენ. ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, დაჯგუფებამ დაასახელა იემენში დაბომბილი რამდენიმე ობიექტი, მათ შორის საადის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზა, დედაქალაქ სანასთან მდებარე საავიაციო ბაზა და საპორტო ქალაქ ჰუდაიდის აეროპორტის რაიონი. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის ოფიციალური მონაცემებით, იემენში, მეამბოხეთა მიერ კონტროლირებულ 16 რაიონში, განადგურებულია 60-ზე მეტი სამიზნე.

შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაციის გამო რუსეთმა მოითხოვა, რომ დღეს, 12 იანვარს, გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩატარდეს.

იემენელი მეამბოხეების მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე შეიარაღებული თავდასხმები გახშირდა ისრაელსა და პალესტინელთა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობა ჰამასს შორის 2023 წლის ოქტომბრიდან დაწყებული ომის შემდეგ.

პირველი თავდასხმა 19 ნოემბერს მოხდა იაპონურ გემ Galaxy Leader-ზე. მას შემდეგ მეამბოხეებმა რაკეტებით და დრონებით კიდევ 25-ზე მეტი შეტევა განახორციელეს სხვადასხვა ქვეყნის სატვირთო გემებზე. არაერთი თავდასხმა მოიგერიეს აშშ-ის და მისი პარტნიორი სახელმწიფოების სამხედრო გემებმა.

ირანის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეები, რომლებიც იემენის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებენ, მტრად მიიჩნევენ ისრაელს, აშშ-ს და საუდის არაბეთს და აცხადებენ, რომ გემებზე თავდასხმებს არ შეწყვეტენ, სანამ ისრაელი ჰამასის წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს.

იემენში მეათე წელია გრძელდება ომი ქვეყნის ლეგიტიმურ მთავრობასა და მეამბოხე ჰუთებს შორის. იემენის მთავრობას მხარს უჭერს კოალიცია საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით.
წითელ ზღვაზე გადის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა, რომელზეც მსოფლიო ვაჭრობის 12% მოდის. წითელი ზღვა სუეცის არხით უერთდება ხმელთაშუა ზღვას და აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ყველაზე მოკლე საზღვაო მარშრუტია.

თავდასხმების გახშირების გამო, მსოფლიოს მსხვილი კომპანიები სულ უფრო ხშირად არიდებენ თავს წითელი ზღვით ტვირთების გადატანას. ალტერნატიული მარშრუტი აფრიკის სამხრეთის გავლით, ტრანსპორტირების დროს მნიშვნელოვნად ზრდის.

მსგავსი პოსტები

Back to top button