მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მსოფლიო ლიდერები უკრაინას კვლავ დაეხმარებიან

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წელს პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე ითათბირეს. ამის შესახებ ორივე ქვეყნის წარმომადგენლები იტყობინებიან.

ზელენსკიმ ტვიტერში დაწერა, რომ სუნაკს შეუთანხმდა, „გავააქტიუროთ ძალისხმევა უკვე წელსვე ჩვენი გამარჯვების მოსაახლოებლად“. „საამისოდ გვაქვს კონკრეტული გადაწყვეტილებები,“ დასძინა ზელენსკიმ, მაგრამ არ დაუზუსტებია, რას გულისხმობდა.

როგორც სუნაკის ოფისმა განაცხადა, ბრიტანეთის პრემიერმა ზელენსკის უთხრა, რომ განაგრძობს მუშაობას „უახლოესი კვირებისა და თვეების განმავლობაში დამატებითი ტექნიკის მიწოდებაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ბრძოლის ველზე უკრაინის გამარჯვება“.

მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინას გრძელვადიანი პერსპექტივით შეუძლია ჰქონდეს ბრიტანეთის მხრიდან დახმარების იმედი.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვებით, ორმა ლიდერმა „ისაუბრა უკანასკნელ დღეებში უკრაინის წინააღმდეგ დრონებით განხორციელებული საშინელი იერიშების შესახებ“.

ახალი წლის ღამეს და შემდგომ დღეებში რუსეთის არმია განაგრძობდა რაკეტებითა და დრონებით იერიშებს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. უკრაინის შეიარაღებული ძალების თანახმად, მათ უმრავლესობას აგდებენ, მაგრამ ზოგიერთი მათგანი მიზანს ხვდება და ენერგეტიკის ობიექტების ნგრევას იწვევს.

დიდი ბრიტანეთი უკრაინის ერთ-ერთი უმთავრესი დონორია. ის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ეხმარება შეიარაღებით, კერძოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემებით, რეაქტიული ზალპური ცეცხლის სისტემებით, სამხედრო ფორმით, ასევე ის წვრთნის უკრაინელ სამხედროებს.

უკრაინას ახლა, როგორც არასდროს სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან შეხვედრის დროს განაცხადა.

“ჩვენ განვიხილავთ ჩვენს მზადყოფნას გავაგრძელოთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე რეაგირება, რადგან ზამთარი დგება და უკრაინელებს ჩვენი მხარდაჭერა უფრო მეტად სჭირდებათ, ვიდრე ოდესმე”, – დასძინა მაკრონმა.

თავის მხრივ, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვება “ეგზისტენციალურია” ევროპისთვისა და მთელი მსოფლიოსთვის.

ცნობისთვის, თავის საახალწლო სიტყვით გამოსვლაში საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პარიზი უკრაინის მხარდაჭერას მის გამარჯვებამდე გააგრძელებს.

“მომავალი წლის განმავლობაში ჩვენ უცვლელად თქვენს მხარეს ვიქნებით. ჩვენ გამარჯვებამდე დაგეხმარებით და ერთად ავაშენებთ სამართლიან და მყარ მშვიდობას. გქონდეთ საფრანგეთის იმედი და გქონდეთ ევროპის იმედი”, – თქვა მაკრონმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გამოაცხადა ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შესახებ, რომელიც თავდაცვით ხარჯებს მიეძღვნება. შეხვედრის ფონია ალიანსში ამ საკითხზე გაჩენილი უთანხმოება.

ზოგიერთი ქვეყანა მოითხოვს თავდაცვითი ხარჯების ზედა ზღვრის გამკაცრებას. ამჟამად ის ნატოს ყოველი წევრისთვის საერთო შიდა პროდუქტის 2%-ს უდრის.

ეს მაჩვენებელი ნატოს უელსის სამიტზე შეთანხმდა 2014 წელს, მაგრამ ის სასურველი მიზანია და არ ატარებს აუცილებელ ხასიათს.

ზოგ ქვეყანას, მაგალითად, კანადას და ბელგიას, საკუთარი საერთო შიდა პროდუქტის 2%-ზე ბევრად ნაკლები შეაქვს თავდაცვის საერთო ფონდში.

ნატოს თანახმად, ამჟამად ზოგი ქვეყანა მოითხოვს, რომ 2% აუცილებელი მინიმუმი გახდეს ნატოს ყველა წევრისთვის. როგორც BBC წერს, საქმე შეიძლება ეხებოდეთ პოლონეთს, ლიეტუვასა და დიდ ბრიტანეთს.

„ჩვენ შევხვდებით, გავმართავთ მოლაპარაკებებს მინისტრების დონეზე და მოლაპარაკებებს დედაქალაქებში“, – თქვა სტოლტენბერგმა.

მან ასევე თქვა, რომ ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევის იმედი აქვს არაუგვიანეს ნატოს შემდეგი სამიტისა, რომელიც ვილნიუსში გაიმართება 11-12 ივლისს.

ექსპერტების შეფასებით, თავდაცვითი ხარჯების გაზრდის თაობაზე ნატოს ევროპელი წევრების ინიციატივა დაკავშირებულია ევროპაში ომთან, რუსეთის მუქარასთან და უკრაინის სამხედრო დახმარებასთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button