თელავის საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა
თელავის საჯარო სკოლებში მოსწავლეების შენობებში შეყვანა დილის 9 საათიდან, მშობლების გარეშე მიმდინარეობდა.
მერვე საჯარო სკოლის დირექტორის, ნინო ჯავახიშვილის ინფორმაციით, კორონავირუსზე უსაფრთხოების თვალსაზრისით, სკოლამ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ყველა სტანდარტი დააკმაყოფილა.
“ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებულია მკაცრი მოთხოვნები. ბუნებრივია, ეს მარტივი არ არის, მაგრამ ყველაფერი უნდა დავიცვათ. მშობელი შენობაში არ შემოდის, საკლასო ოთახებში მერხები დაშორებულია, გვაქვს დეზობარიერები, ვატარებთ თერმოსკრინინგს, ყოველ დასვენებაზე გაიწმინდება მერხები, განიავდება საკლასო ოთახები, მოსწავლეებს შორის ნივთების თხოვება, ერთმანეთთან ახლო კონტაქტი არ შეიძლება. ყოველ დასვენებაზე ბავშვები დაიბანენ ხელებს და დაიმუშავებენ სადეზინფექციო ხსნარით. 5 წუთიან დასვენებაზე, მოსწავლეებს გააკონტროლებენ პედაგოგები, იმისათვის, რომ მათ შორის ახლო კონტაქტი არ შედგეს.” – განაცხადა რადიო ჰერეთთან ნინო ჯავახიშვილმა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის საჯარო სკოლების გარდა, სასწავლო პროცესი კახეთის რეგიონში სრულად განახლდა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ონლაინ-სწავლების რეჟიმზე სკოლები 2020 წლის მარტის თვიდან, კორონავირუსის პანდემიის გამო გადავიდნენ.