“თენგიზ ცერცვაძეს ცრუ ბრალდებები აქვს”
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის უწყების მიმართ ცრუ ბრალდებებს ავრცელებს. სამინისტროს პოზიცია ბრალდებებთან დაკავშირებით, უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა.
“საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, თენგიზ ცერცვაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას არ იზიარებს. მიგვაჩნია, რომ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, ბატონი თენგიზ ცერცვაძის ბრალდებები სამინისტროს მიმართ ცრუ და უსაფუძვლოა.” – აცხადებენ უწყებაში.
ამავე განმარტებით, სამინისტრომ 2020 წლის თებერვალში კლინიკას უფლება მისცა, 2017 და 2018 წელს მიღებული მოგება, მილიონ ლარზე მეტი, გამოეყენებინა. უწყება განმარტავს, რომ მსგავსი თხოვნა კლინიკისგან 2019 წლის თებერვალში მიიღეს.
გუშინ თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ მძიმე პირობების გამო, კლინიკა იძულებული იყო, პაციენტების მიღება შეეწყვიტა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგაბაიას ინფორმაციით კი, ცენტრი აგრძელებს აივ/შიდსით ინფიცირებული ამბულატორიული პაციენტების მიღებას.
“ჩვენ არ ვწყვეტთ პაციენტების მიღებას, დროებით შევაჩერეთ პაციენტების მიღება. ეს არის კოვიდინფიცირებულები და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტები.
“დანარჩენი პაციენტების, აივ/შიდსით ამბულატორიული და სხვა წარმოშობის ინფექციური ავადმყოფების ცენტრში მიღებას და მკურნალობას ვაგრძელებთ.” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფო საქართველოში კოვიდინფექციასთან ბრძოლაში ჩართული ერთ-ერთი მთავარი კლინიკაა. დაწესებულება წლებია, პაციენტებს იღებს იჯარით აღებულ და მოუწესრიგებელ შენობაში, რომელშიც ძლიერი წვიმის დროს წყალი ჩადის.