ალოო ტაქსი – ლია კამლაძის ბლოგი

სამსახურში მაგვიანდება…ოცწუთიანი ლოდინის შემდეგ, გამოძახებული ტაქსის ოპერატორმა მოიღო მოწყალება და შემატყობინა, რომ თავისუფალი ტაქსი არ არის და თავს მე თვითონ უნდა მივხედო. უაზრო ჩხუბი დროის ფლანგვად ჩავთვალე. ისე გამოვფრიალდი სახლიდან, ლიფტსაც არ დაველოდე და კისრისტეხით დავეშვი კიბეებზე.

ქუჩა გადავჭერი, ნერვიულობისგან ერთ ადგილას ვერ ვჩერდები-ვცქმუტავ…მოპირისპირე მხრიდან მომავალი ტაქსი დავინახე. ,,ტაქსიიი…” დავკივლე ბოლო ხმაზე და თან ხელს ვატრიალებ ,,მოაბრუნე, მოაბრუნე”-თქო.

მძღოლი გაშტერებული მიყურებს, ან ბრმა ვგონივარ, ან გიჟი (უკანა სავარძელზე მსხდომი ხალხი გვიან შევამჩნიე)…ტაქსი არ ჩანს..ნელ-ნელა ვგიჟდები….ამ დროს, ჩემს ფეხებთან ჩერდება შავი გაპრიალებულ-გასრიალებული მანქანა (მარკებში ვერ ვერკვევი. ლამაზი რომ იყო,-დავინახე)…მანქანა შევათვალიერე, სადმე ტაქსის ნიშანი ხომ არ აქვს-თქო და თვალი მძღოლისკენ გავაპარე…,,ქალების ოცნების მამაკაცი” შეიძლება ეწოდოს კაცს, რომელიც ოდნავ გადმოხრილი მიღიმოდა: ,,გამარჯობა”, ,,გამარჯობა”-ვუპასუხე და თავაზიანად გავუღიმე…,,სად მიდიხარ, დაჯექი”…ამ შენობით მომართვამ ყველაფერი გააფუჭა (ვერ ვიტან, ახალგაცნობილი ადამიანები შენობით რომ მესაუბრებიან)…,,არა, გმადლობთ, ნუ შეწუხდებით”- ,,თ”-ზე განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებ. ერთი-ორი ნაბიჯით მანქანის ბოლოსკენაც გადავინაცვლე…ასე ორი წუთი იდგა და წავიდა…სამსახურში, საქმის გარდა, ვერაფერზე ვფიქრობ, მაგრამ ღამით, როცა დასაძინებლად დავწექი, გამახსენდა ,,ოცნების მამაკაცი”, უნებურად გამეღიმა და თავი დავიჭირე, რომ მის გამართლებას ვცდილობდი: ,,მე რომ ყველას თქვენობით ველაპარაკები, ის იქნებ უშუალო ადამიანია და ამას შენობითი მიმართვით გამოხატავს”-ვუმტკიცებ საკუთარ თავს…მეორე დღეს ტაქსმა არ დამაღალატა, ოთხშაბათს კი დასვენების დღე მაქვს და გვიანობამდე მძინავს…ზუსტად შვიდის ოც წუთზე, მაღვიძარას გარეშე, გამეღვიძა.

ავდექი, მოვემზადე და იმავე ადგილას, ცხრის ოც წუთზე, დარჭობილი ვარ (ცხადია, არსად მეჩქარება და არ ვნერვიულობ)…ნახევარი გახდა…უკვე 15-ი უკლია…მოვიწყინე და…მოდის…(გულში ზეიმი მაქვს)…გააჩერა: ,,გამარჯობა, წამოხვალ?” (ისევ ,,შენობით”), მაგრამ თავში კარგა ხანია ,,შარიკი გადაბრუნებული” მაქვს…გამოვაღე კარები და ყოყმანით ვეუბნები:,,ძალიან მეჩქარება, თორემ…” (მოკლედ, რომ არ მეჩქარებოდეს, რავა ჩაგიჯდებოდი-თქო) სამსახურის მისამართი ვუთხარი, გავეცანით ერთმანეთს, ვცდილობ ცოტა ვილაპარაკო და შთაბეჭდილება მოვახდინო…ისეთი სიმპათიურია…ლაპარაკის დროს წარბებს ზემოთ წევს და შუბლზე ღარები უჩნდება (ის ღარებიც კი მომწონს)…

მოვლილ თითებს დავაკვირდი, – ბეჭედი არ ჩანს….იმ დღეს, ისეთი შეწუხებული სახე გქონდა, გვერდი გულგრილად ვერ გაგიარეო…(აჰააა… იმ დღესოო…დღეს კი არაო)…არ ვიცი რა გზებით იარა, მაგრამ ძალიან სწრაფად მივედით სამსახურთან. მაინცდამაინც ,,საპარადო” შესასვლელთან არ მინდა გააჩეროს და ხალხს ჭორაობის საბაბი მივცე, ამიტომ შიდა შესასვლელისკენ ვუთითებ…დაცვასთან ისეთი ურთიერთობა მაქვს, ტანკით რომ შევიდე, არ გამაჩერებენ…. ის არის მანქანიდან უნდა გადმოვიდე და, ჩემი თანამშრომელი ბესო ამოგვიდგა გვერდით მანქანით.

მივესალმე, ბესო ჩემი მძღოლით დაინტერესდა, უცებ იყვირა: ,,ლევან, შენ ხარ, ძმაო” და მანქანიდან გადმოხტა (ბესო, საინტერესო პერსონა გახდა ჩემთვის)…ერთმანეთს გადაეხვივნენ, მოიკითხეს, უცებ ბესო მომიბრუნდა და ,,დღეს ოთხშაბათი არ არის?”…სანამ კიდევ რამეს იტყოდა, დავეტაკე, ხელკავი გავუკეთე და ,,კი,კი, ოთხშაბათია და ჩვენ გვავიანდება”…აქ დავუშვი შეცდომა, თავი მოვაბრუნე ლევანს ხელი დავუქნიე და იმანაც მოგვაძახა ,,როდის ამთავრებ, სამსახურს?”…სანამ ვფიქრობდი, უფრო ადრე ვუთხრა თუ უფრო გვიან-თქო, ბესომ უპასუხა შვიდ საათზეო…,,საიდან იცნობ ლევანს?” (ვითომ, სხვათაშორის ვეკითხები)…,,მესამოცეში ერთად ვსწავლობდით, ეგ ჩემზე უფროსია, გივია თარგამაძის კლასში იყო”, ,,მეტი უკეთესი კლასელი არ ჰყავდა?”, ,,კიიი…მაია ნადირაძე”- სიცილით შევედით სამსახურში. მერე მთელი დღე მიწევდა ტყუილის თქმა, რომ პარასკევი დამჭირდა და ოთხშაბათს იმიტომ ვმუშაობ. სამუშაო დღე დასრულდა, საჭორაოდ მოვიცალეთ, ამასობაში რვა საათი გამხდარა, მე და ჩემი თანამშრომელი გოგონები ერთად გამოვედით, ორივეს თავისი მანქანა ჰყავს…,,ოცნების მამაკაცი” დგას და მხიარულად მეგებება ,,დაგაგვიანდა”…,,გამარჯობა, გოგოებო”…რა ვქნა ახლა? უნდა დაველოდო გოგონები როდის წავლენ რომ ამ კაცთან ვითარება გავარკვიო.

წასვლას არავინ ჩქარობს, ერთმა, საჭის ქვემოთ რაღაცას დაუწყო კირკიტი, მეორე, ზის და გვიყურებს…გავბრაზდი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ჩავჯექი, გოგონებს ყალბად გავუღიმე…სანამ რამეს ვიტყოდი, დამასწრო: ,,არაფერი, უბრალოდ, სახლში მიგიყვან”…,,ახალი გზით წავალ, კარგი?” (საითაც გინდა წადი, ვგრძნობ, თავს ყულფში ვყოფ, მაგრამ…) ალაყაფის ჭიშკართან შეაჩერა, ,,სულ ერთი წუთით გადავალ და ახლავე დავბრუნდებიო”…მართლა ერთი წუთი თუ იქნებოდა გასული, კარები რომ გაიხსნა და საშუალო სიმაღლის, თეთრთმიანი, სიმპატიური ქალბატონი გამოვიდა. მანქანას შემოუარა და ჩემს მხარეს, კარებთან მოვიდა. საჩქაროდ გადმოვედი ,,გამარჯობა, დედიკო! მე, ლევანის დედა ვარ, მედიკო მქვია” …ისეთი თეთრი და ფითქინა ქალია, ლურჯი, ლურჯი თვალებით…რაც იმ წუთას თავში მომდის, ენაზე ვერ ვამაგრებ ,,ლევანი, ეტყობა, მამას ჰგავს” (აბა, შავი, ყავისფერთვალება…) ,,ჰოოო…ლევანს სიმპათიური მამა ჰყავდა” ( ვერ შეედავები)…,,უი, გარდაიცვალა?, რა საწყენია”…რა უნდა ვთქვა სხვა, -არ ვიცი…,,შემოდით, ცოტა ხნით”, ,,აჰ, არა, ძალიან მეჩქარება”, ,,ნუ მეტყვით უარს, სულ ცოტა ხნით” (ვაიმე, ისეთი ქალია უარს მე კი არა, ხელმწიფე ვერ ეტყვის)…ის იყო კარები შევაღეთ და ლევანს შევეჯახეთ, გამოდიოდა…შევედით…ისეთი სილამაზეა…კიბეების ორივე მხარეს აყვავილებული ტერასები, დეკორატიული ქვებით გაკეთებული ბილიკები…სისუფთავე, ზედმეტი კენჭიც კი არ აგდია მიწაზე…მომწონს და კმაყოფილი სახე მაქვს. უცებ, საიდანღაც უზარმაზარი ძაღლი გამოვარდა. მოვასწარი და ლევანის ზურგს ამოვეფარე…ძაღლს ჯერ ჩემთვის არ სცალია, პატრონს ეფერება, მაგრამ ვატყობ ჩემი პერსონის გარკვევასაც შეეცდება (ძაღლების მეშინია და არ მიყვარს როცა ხელით ეხებიან, თორემ ისე, რას მიშლიან)…ამ უცხო კაცს ხომ არ ჩამოვეკიდები და მეშინია-თქო, ვეუბნები. ,,ნუ გეშინია” (სათქმელად ადვილია…)

,,არააა…მეშინია” ისევ ქალბატონმა მედეამ მიშველა და ძაღლი მოგვაცილა, თან აღმზრდელობით სამუშაოს ატარებს და ძაღლს ტუქსავს, რომ სტუმარი არ უნდა შეაწუხოს…კიბეები ავიარეთ, მინის უზარმაზარი კარები გაიხსნა და გამოვიდა ახალგაზრდა გოგონა, პატარა ბავშვით ხელში ,,ჩემი ოჯახის წევრები”…სანამ ლევანი სიტყვას დაასრულებს სახლიდან კიდევ ერთი, ასე 3-4 წლის ბიჭი გამორბის და ფეხებზე ეხვევა…ხელში აიყვანა და მეუბნება ,,ეს სანდროა, ის აჩო და ნანა” …(კიდევ კარგი, კიბეები ავლილი მაქვს, თორემ, ალბათ, კისერს მოვიტეხდი)…სიურპრიზიც ასეთი უნდაა…

სახლში შესვლამდე ლევანმა პატარას ხელზე აკოცა, ახალგაზრდა დედიკოს კი-შუბლზე (სრული იდილიაა, ოღონდ მე რას ვაკეთებ აქ,-არ ვიცი).

დედიკო ნანა, როგორც ჩანს, ყავას სვამდა (დიდ ოვალურ მაგიდაზე ფინჯანი იდგა და ყავის ოხშივარიც ვიგრძენი), ქალბატონი მედიკოც შემოვიდა და ყავა შემომთავაზა ,,მადლობა, ყავას არ ვსვამ”-გავუღიმე…,,ჩემთვისაც არ შეიძლება, მაგრამ არ შემიძლია და დღეში ერთ ჭიქას მაინც ვსვამ”-ო ნანამ…დედამთილის ლამაზ ლურჯ თვალებში მომეჩვენა თუ…ელვამ გაკვესა…ასეთი თვალები არც მინახავს (აი, ლინზებს რომ ისვამენ, ისეთი სილურჯის), ლინზები არ ექნება-მეთქი -გავიფიქრე (ძლივს შევიკავე თავი, რომ არ მეკითხა.

სულ ასე ხდება, იმ წუთას რა ემოციაც მაქვს, მაშინვე გამოვხატავ და ზოგჯერ უაზრობებს ვამბობ, მერე მიწევს მტკიცება, რომ ეს იმწუთიერი რეაქცია იყო და ხვალ, შესაძლოა, ასე სულ აღარ ვფიქრობდე)…მოკლედ, სანდრო ცდილობს თავი მომაწონოს და სათამაშო მანქანას მაჩვენებს (ბავშვები ჩემი სისუსტეა. ჩემთვის ცუდი ბავშვი არ არსებობს და არც მათზე კარგი არსებობს რამე, ოღონდ ძლივს გადავეჩვიე, არ ჩავეხუტო, არ ვაკოცო სხვის შვილებს, შეიძლება მშობელს არ მოეწონოს)…სანდროს თმებზე ვუსვამ ხელს და აღფრთოვანებას გამოვხატავ ,,რა კარგი მანქანაა, ვინ გიყიდა, მამიკომ?” სანდრო თავს მიქნევს და ლევანისკენ იხედება…ბავშვი გათამამდა, ახლა კოკა-კოლას პატარა ბოთლი მოაქვს, რომლიდანაც დროდადრო წრუპავს და მთავაზობს ,,აჰაა”…ვაიმე, ამას უარი როგორ ვუთხრა, მაგრამ კოკა-კოლას საერთოდ რომ არ ვსვამ ,,არ მინდა, საყვარელო”- ვეუბნები და ძლივს ვიკავებ თავს, რომ ვუთხრა არც შენ დალიო-თქო, მაგრამ დედა აქ არის, მამა აქ არის, არ უშლიან და მე ვინ მეკითხება?…

ლევანი წამოდგა ,,კოკა-კოლას არ სვამს და ღვინოს სულ არ დალევს, ასე რომ, ახლა სარდაფში ჩავალ და ალუბლის წვენს ამოვიტანო” ისევ ძლივს დავიჭირე სიტყვა, გამიკვირდა, საიდან იცის, რომ ალუბლის წვენი მიყვარს…ქალბატონი მედიკო მთავაზობს სახლს დაგათვალიერებინებო…შიდა კიბეებით მეორე და მესამე სართულებზე ავედით, ყველგან სილამაზე, სისუფთავე და გემოვნება იგრძნობა, ფერთა შეხამება, ნახატები, ბრები…ყველაფერი ულამაზესია ,,თქვენი გემოვნებით არის თუ რძლის?”- ვეკითხები ქალბატონ მედეას ,,არა, დიზაინერის”…აღფრთოვანებას ვერ ვმალავ…ბოლოს სხვენში ავედით, სადაც კედელზე ხარირემის თავი იყო ჩამოკიდებული, მის ირგვლივ კი იარაღები (ნამდვილი იყო თუ დეკორაცია,-არ ვიცი)…ფიტულმა შემზარა (რაღაც ცუდად მიყურებდა)

ბილიარდის მაგიდა და სასმელების ბარი ,,ლევანიკო ყველაზე მეტ დროს აქ ატარებს”-მეუბნება ქალბატონი მედეა. ქვემოთ ჩამოსვლისას თავის ოთახში შემიყვანა და მეუღლის ფოტო მაჩვენა. მართლა ისეთი სიმპათიურია, ძალიან ლამაზი მამაკაცი ყოფილა, ქალბატონი მედეა კი, საკმაოდ მაღალი ქალი. მიყვარს ასაკოვანი ხალხის ისტორიების მოსმენა და ამას არა თავაზიანობის, არამედ მართლა გულწრფელი ინტერესით ვაკეთებ ,,მომიყევით როგორ გაიცანით, როგორ შეგიყვარდათ”…ქალბატონი მედეა იგონებს ამბებს, რომლებიც, ალბათ, არასოდეს დავიწყნია და არ დაავიწყდება…ისე ამიჩუყდა გული, ცრემლები მომადგა ,,შეიძლება ჩაგეხუტოთ?”-ვეუბნები…ვეხვევი და ვგრძნობ სუნს, რომელიც მხოლოდ დედას აქვს (ჩემი დედა მომენატრა)…ოთახში ლევანმა შემოყო თავი ,,ქალური ისტორიები? პროფილია?”…(უი, რა უემოციო არსებები არიან ეს კაცები) – გავიფიქრე მხოლოდ, აბა, ლევანიკოზე ამას ხმამაღლა როგორ ვიტყოდი…დავბრუნდით პირველ სართულზე. სახლის უკანა მხარეს აივანზე გავედი, საიდანაც პატარა, დამრეცი ეზო გამოჩნდა, ხეები და საქანელა… სოფელი გამახსენდა, ბიის ხეზე (ბიას კომშს ეძახიან იმერეთში) ჩამობმული საქანელით…,,მოდი, დედიკო, ერთად ვისადილოთ”-მთავაზობს ქალბატონი მედეა…ჯერ, იმერული თავპატიჟის გადება დავაპირე, მაგრამ მერე გამახსენდა, სახლში წინა დღის მაწვნის სუპი მაქვს მხოლოდ…,,ახლავე მჭადებს დავაცხობ” …,,ვაიმეე, მე გამოვაცხობ რა? ძალიან მიყვარს მჭადის კეთება, თუმცა ჭამა არა”- გამოვაცხადე მორიგი შედევრი და უკვე მერამდენედ ვყვები, რატომ არ მიყვარს იმერელ ქალს მჭადი. გავიკეთე წინსაფარი, დავიკაპიწე ხელები და დავკაკუნებ საქმიანად (მჭადის გამოცხობა ჩემი დეიდაშვილის აბაშელმა მულმა მასწავლა)…ერთი-ორჯერ ფეხი გამისრიალდა ,,დედიკო, მაგ ფრანცუსკებს ხომ არ გაიხდი?”-მეკითხება ქალბატონი მედეა. ჩემი ერთი მეგობარი ამბობდა, მე ცარიელ სკამსაც ვეპრანჭებიო, ახლა, არათუ სკამს, ცარიელ ადგილსაც ვერ ვხედავდი, ვისაც შეიძლებოდა გავპრანჭვოდი და…,,კარგი იქნება”-ვუთხარი…ჩავიცვი ჩუსტები.

ქალბატონი მედეა სალათას ამზადებს, ნანა პატარას აძინებს, ლევანი და სანდრო კონსტრუქტორს აწყობენ. ქალბატონმა მედეამ სალათის ფოთლები და ბროკოლი დაჭრა და ძმარი მოასხა, აქ, ჩემი ცოდნის დემონსტრირების მორიგი შესაძლებლობა მომეცა ,,სხვა დროს, ძმრის ნაცვლად, ფრანგული მდოგვის, ცოტა შაქრის და ბალზამიკოს ნარევი გამოიყენეთ, არაჩვეულებრივია”…ქალბატონი მედეა იმეორებს. ,,კიდევ, ქათმის ფილესგან სალათას გასწავლით, მე გამოვიგონე”…,,,ვაიმე, რა გოგო ხარ? დედიკო, ქალმა საჭმლის კეთება უნდა იცოდეს”…მზერა რძლისკენ გააპარა…პატარამ დაიძინა, ნანამ გვთხოვა, ყურადღება მიაქციეთ, მე გარეთ სიგარეტს მოვწევ და შემოვალო. უნებურად, ქალბატონ მედეას შევხედე ,,შენც გადი და მოწიე, თუ გინდა”-მეუბნება ,,მე არ ვეწევი”…,,შენისთანა რძალი მინდოდა სწორედ”-ქალბატონი მედეა ხმას უწევს და ლევანისკენ იხედება…უცებ მივხვდი, რომ რაღაც ცუდ თამაშში ვმონაწილეობ, ქალური სოლიდარობის გრძნობამ გაიღვიძა თუ სხვა რაღაცამ -არ ვიცი ,,იცით, მეც ვეწეოდი, მაგრამ ყელზე პრობლემები მქონდა და თავი დავანებე” …,,რა მოხდა? არც არაფერი, ქმარი არ უშლის და მე ვინ მეკითხება”-მპასუხობს ქალბატონი მედეა. ,,საჭმელები, ხოოო, მაგრამ ნამცხვრები არ გამომდის”, ,,მე გასწავლი, აუცილებლად გამოგივა” (მეტი არ არის ჩემი მტერი…მეორედ, ჩემი ფეხი არ იქნება ამ სახლში-გავიფიქრე). მჭადებს მოვრჩი და სანდროს კონსტრუქტორი შევუქე ,,,გინდა, ეზოში ჩავიდეთ და დეიდა საქანელაზე ვაქანაოთ?”-ეკითხება ლევანი ბავშვს…,,დეიდა ისედაც შექანებულია და საქანელა აღარ სჭირდება, ხო სანდრო?”-ვეკითხები პატარას და განმგმირავ მზერას ვტყორცნი მამამისის მიმართულებით…მშვიდი, აუღელვებელი სახით, იღიმება (არადა, მართლა რა სიმპათიურია)…სუფრა გავშალეთ.

ჭამა ძალიან მიყვარს, თანაც არავის ვეპრანჭებოდი და გადავჭამე ყველაფერი, ისეთებიც ვქენი, სხვა დროს რომ არ დავუშვებდი. მაგალითად, მჟავე კიტრის დაჭრა საჭიროდ არ ჩავთვალე და ისე შევახრამუნე…ამ დროს ძაღლი, რომელიც ეზოში დასეირნობდა, ლამის გაგიჟდა, გარბის, გამორბის, კარებს ახტება…გამახსენდა, მიწისძვრას ცხოველები წინასწარ გრძნობენო და ვიკითხე ამ ძაღლს რა მოუვიდა-თქო ,,ასე იცის, ჩემი ქმარი როცა მოდისო”-მიპასუხა ნანამ… ,,ვიიინ?”-გამოშტერებული თვალებით ლევანისკენ გავიხედე…სიცილის შეკავებას ცდილობს…არ ვიცი რა დრო გავიდა…როცა ცოტა საღი აზრი დამიბრუნდა პირში ცარიელი ჩანგალი მედო, რომლის კბილებს შორის წითელი ბულგარული წიწაკის რგოლი იყო ჩამოკიდებული…მივხვდი, ჩემი ორგანიზმი ამდენ ემოციას ვეღარ გაუძლებდა, წამოვხტი და ,, ტუფლები”-დავიძახე (როგორც მეფეები იძახდნენ ბრძოლის წინ ,,ხმალი”)…ახალგაზრდა, სასიამოვნო კაცი შემოვიდა, იმის თავი სად მქონდა გამერკვია, რატომ იყო ძმებს შორის ამხელა ასაკობრივი სხვაობა…წასასვლელად დავფაცურდი ,,რა მოხდა, ჩემი მოსვლა გეწყინათ?” ,,არა, პირიქით, პირიქით”-კაცი დაიბნა…,,არაფერი არ მითხრათ, არც ერთი სიტყვა”-გავაფრთხილე მანქანაში ჩაჯდომისას.

სახლთან ხუთ წუთში მივედით. ჩემს სადარბაზოში, წლების წინ, ბიჭი მოკლეს. მას შემდეგ იქ მარტო შესვლა ღამე კი არა, დღისითაც მეშინოდა, მაგრამ ახლა ისეთი ვიყავი, თვითონ მკვდარი რომ შემხვედროდა, არ შემეშინდებოდა….რა დამაძინებდა…აქეთ ამდენი ემოცია, იქით უზომო საკვები…

ჩვენ თითქმის მეზობლები ვართ, თავისუფალი ტაქსიც ხშირად არ არის..

მსგავსი პოსტები

Back to top button