მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

დახურული და მივიწყებული ინფექციური საავადმყოფო თელავში

“ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე, პირდაპირ მითხრეს, რომ ვინც თბილისში არ იმკურნალებს, მოკვდებაო.” – აცხადებს კახეთის ყოფილი მთავარი ინფექციონისტი.

თელავში ინფექციური საავადმყოფოს არსებობას, მხოლოდ დანგრეულ კედლებზე შემონახული, მზე- წვიმისგან წაშლილი, ძლივს შესამჩნევი წარწერაღა ადასტურებს. შენობა, რომელშიც 2010 წლამდე ინფექციური განყოფილება იყო განთავსებული, ფაქტობრივად, დანგრევის პირასაა. მისი შემოგარენი კი, ეკალ-ბარდით და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით არის სავსე.

მეოცე საუკუნის 60-იან წლებში დაარსებულ საავადმყოფოში 15 საწოლზე გათვლილი, 12 ბოქსირებული და ნახევრად ბოქსირებული პალატები, ყველა სტანდარტის დაცვით იყო მოწყობილი. შენობას ჰქონდა ცალკე შესასვლელ-გასასვლელი, სველი წერტილები და ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია. სამედიცინო დაწესებულება მთელ რეგიონს ემსახურებოდა.

2010 წელს, მთავრობის გადაწყვეტილებით, თელავის ინფექციური საავადმყოფო დაიხურა.
დახურვის დროისათვის, დაწესებულებაში რვა მაღალკვალიფიციური ინფექციონისტი მუშაობდა, რომლებიც სადღეღამისო მორიგეობასაც აწარმოებდნენ. სავადმყოფოს ექიმი შოთა რაინაული ხელმძღვანელობდა, რომელსაც კახეთის მთავარ ინფექციონისტად მუშაობის 24 წლიანი გამოცდილება ჰქონდა.

ექიმი რაინაული რადიო ჰერეთს უყვება, რომ ინფექციური განყოფილების დახურვა სამედიცინო ბიზნესის გადანაწილებას მოჰყვა.

შოთა რაინაული

“საავადმყოფოები გადაუნაწილეს სადაზღვევოებს. ამას შეეწირა თელავის ინფექციურიც. წარმოიქმნა სიმახინჯე – საავადმყოფო, წამლის წარმოება და აფთიაქი, რამაც მედიცინა საბოლოოდ მოკლა და დაამძიმა ჩვენი მოსახლეობის, თუნდაც მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობა. ჯანდაცვის სამინისტროს მაშინდელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე, მიკიბ-მოკიბვის გარეშე მითხრეს, რომ ვინც თბილისში სამკურნალოდ არ წავიდოდა, სახლში სიკვდილი ელოდებოდა. ახლა სახიფათო ინფექციების ბუმია. ეპოქამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ თელავში ინფექციურის არსებობა აუცილებელია. თავისუფლად შეიძლება, თუნდაც 10 საწოლზე გათვლილი ბოქსირებული პალატების მოწყობა, რომელმაც შესაძლოა, ბევრი ადამიანის სიცოცხლე იხსნას.” – ამბობს რაინაული.

კახეთის რეგიონში ინფექციური საავადმყოფოს არარსებობა, რთული ინფექციური დაავადებების მქონე ადამიანებისათვის, მძიმე ფინანსური დარტყმა აღმოჩნდა. თელავში მცხოვრები მერი ხაჩიძე რადიო ჰერეთს უყვება, რომ ბავშვების ავადმყოფობის გამო, ოჯახი ვალებში ჩავარდა.

“ორი ბავშვი დაგვიავადდდა მძიმე ინფექციური დაავადებით. თბილისში მკურნალობა იმდენად ძვირი დაგვიჯდა, რომ ვალები დაგვედო. მხოლოდ ანალიზები და წასვლა-მოსვლა, კოლოსალური თანხა გვიჯდებოდა. ამ ვალების გამო, ჩემი შვილი და რძალი ემიგრაციაში წავიდნენ და ბავშვები ახლა მშობლების გარეშე არიან.” – ამბობს ხაჩიძე.

შენობა, რომელშიც ინფექციური საავადმყოფო იყო განთავსებული, ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს ბალანსზეა და თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ეზოში მდებარეობს. ცენტრალური სავადმყოფოს დირექტორს, ზურაბ საჩიშვილს, შენობის შეძენისა და და ინფექციური განყოფილების შექმნის გეგმა აქვს.

“თუ ამ შენობას გაყიდიან, ჩვენ გვაქვს პროექტიც, გათვლაც და ვგეგმავთ, შევისყიდოთ ეს შენობა, რომელიც შესაბამისი სტანდარტით არის დაპროექტებული. ვფიქრობ, ეს არაერთი ადამიანის ჯანმრთელობისათვის იქნება მნიშვნელოვანი.” – განაცხადა საჩიშვილმა.

ჯანდაცვის სამინისტროში “ჰერეთის” ზარებს არ უპასუხეს. თუმცა, განმარტება ამ საკითზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებაში გააკეთეს.

ნელი ხიზანიშვილი

“გეგმაში არის ინფექციური განყოფილების ჩამოყალიბება თელავში. თუმცა, კონკრეტულ დროს ვერ დაგისახელებთ. იცით, რომ საავადმყოფოები კერძოა, ინფექციურის შენახვა კი, ძვირი ჯდება, ამიტომ, ყველა თავს არიდებს. კორონავირუსის პანდემიამ, ინფექციურის საჭიროება კიდევ ერთხელ გვაჩვენა. ვინ იცის, კიდევ რამდენი პანდემიაა წინ.” – განაცხადა განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა.

კორონავირუსის პანდემიის დროს, კახეთში ოთხი ცხელების ცენტრი ჩამოყალიბდა, სადაც ავადმყოფები მხოლოდ ტესტირების საბოლოო შედეგამდე რჩებიან. კოვიდ-19-ის, ან სხვა ინფექციების სამკურნალო დაწესებულება კახეთში არ ფუნქციონირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button