“გთხოვ, მასუნთქე” – აბიტურიენტების მდუმარე აქცია ქუთაისში
“ჟანგბადი გვჭირდება,” “ჩვენ გვინდა უნივერსიტეტში და არა საავადმყოფოში”, “გთხოვ მასუნთქე”
– ამ და სხვა სლოგანებით, აბიტურიენტებმა ქუთაისის მერიასთან მდუმარე აქციას გამართეს.
ინფორმაციას “ქუთაისიპოსტი” ავრცელებს.
ამ ფორმით, ისინი განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, მათ როგორც რეგისტრაციის დროს, ასევე, გამოცდების მიმდინარეობისას, პირბადე უნდა ეკეთოთ. ახალგაზრდების თქმით, პირბადეები გამოცდაზე მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნით.
“პირბადე 50%-ით აფერხებს ადეკვატური აზროვნების შესაძლებლობას და ამცირებს ჟანგბადის მიწოდებას ტვინზე. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, დაგვიშვან გამოცდებზე პირბადის გარეშე.” – ამბობს ლუი კაცაძე.
ახალგაზრდების პროტესტს მასწავლებლებიც შეუერთდნენ.
მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აბიტურიენტები აქცია-პერფორმანსების გაგრძელებას გეგმავენ.
კორონავირუსის პანდემიის გამო, ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აბიტურიენტებს გამოცდის მიმდინარეობის დროს პირბადის ტარებას ავალდებულებს.
ნიღბის მოხსნის შემთხვევაში, გამოსაცდელი პირი გაფრთხილებას მიიღებს, განმეორების შემთხვევაში კი, გამოცდიდან მოიხსნება. გამოცდის პროცესში კონდიცირების სისტემა ჩართული არ იქნება.
საგამოცდო ცენტრები გამოცდის დაწყებამდე და შუალედებში გაგრილდება, ხოლო გამოცდის მიმდინარეობის დროს, ოთახების გაგრილება ღია ფანჯრების საშუალებით მოხდება.