“საბურთალოს კლასტერი” არ არის დიდი პრობლემა”
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი, ე.წ. საბურთალოს კლასტერი ჩამოყალიბდა. როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კლასტერის ორი შესაძლო წყაროა, რომლებიც გუშინწინ დაინფიცირდნენ, მათ შორის ერთი მისი კოლეგაა.
“24 საათის განმავლობაში დაემატა კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა, აქედან 2 არის ბოლნისის კლასტერიდან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია, ხოლო 9 არის გუშინწინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები. ამ კონტაქტების კვლევა გუშინ და დღეს მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად, უკვე გამოკვლეულია 50-მდე კონტაქტი. ამ კონტაქტებიდან, გარდა გუშინწინ დადგენილი ორის, ანუ პირველწყაროსი, 9-ს, მათ კონტაქტებს დაუდგინდა კოვიდინფექცია და კონტაქტების კვლევა ამ წუთშიც გრძელდება.
“ეს ახალჩამოყალიბებული კლასტერი, ესენი არიან ერთი ოჯახი და ოჯახის ძალიან ახლო კონტაქტები. ინფიცირების პირველადი წყარო, როგორც ვფიქრობთ, უნდა იყოს ჩემი კოლეგა და შემდგომ იქიდან გავრცელებული ოჯახში და ოჯახის ახლო კონტაქტებში ინფექცია, მაგრამ ხაზს ვუსვამ, მიმდინარეობს კვლევა, დღესაც ჩვენი ჯგუფი იქ გასულია, იღებენ დამატებით ბიოლოგიურ ნიმუშებს და შესაბამისად, ჩაღრმავებული კვლევები გაგრძელდება. დიდი ალბათობით, შესაძლოა პირველწყარო იყოს ჩემი კოლეგა. იქ განიხილება ასევე მეორე, ის არის პირველწყარო თუ მისი ოჯახის წევრი, ამის დაზუსტება მიმდინარეობს.
“იქ, სადაც ჩემი კოლეგა მუშაობდა, მიმდინარეობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, კარანტინის აუცილებლობა იქ არ არის. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, ეს გახლავთ საბურთალოს კლასტერი და გიდასტურებთ იმას, რომ მიმდინარეობს ამ კლასტერის, როგორც ინფიცირებულის, ყველა კონტაქტის კვლევა. ესენი არიან დევნილები თუ ადგილობრივი მცხოვრებლები, მე ამას არ დავაზუსტებ. ყველა ადამიანი, ვინც იყო კონტაქტში და გამოვლინდა, რომ არის პოზიტიური კოვიდდადებითი, ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოები, ხოლო კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს და ისინი გადადიან კარანტინში. სულ 11-ია. არის ორი, რომელიც დადასტურდა გუშინწინ და იმის 9 კონტაქტი”. – განმარტა გამყრელიძემ.
“ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით, შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს”. – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა. მან, იმ ფონზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა, მოსახლეობას წესების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდა.
ამასთანავე, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ჩვენ კვლავ მოგვიწევს „კოვიდ 19“-თან ერთად თანაცხოვრება, რადგან ის ამ წლის ბოლომდეც არსად წავა.
„ჩვენ ვამბობდით, რომ შეზღუდვების შემსუბუქების პერიოდში, ყველა ქვეყანაში მოხდა ეს და მოხდება ჩვენთანაც, რომ შემთხვევების მატება დასაშვებია და შესაძლებელია იყოს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ამ შემსუბუქების პერიოდში აუცილებელია, რომ ყველამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გაძლევთ. არ ვიყოთ ძალიან ახლოს, ყველა უნდა იყოთ ნიღბით. ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი, ანუ მობილობა სერიოზულად გაიზარდა.
“გუშინ მე ვაკვირდებოდი ქალაქში რომ გადავაადგილდებოდი, რამდენად არის დაცული წესები და ძალიან გამიხარდა, რომ ბევრ ავტობუსში, თუმცა არა მიკროავტობუსში და გასაფრთხილებელია ეს ხალხი, პატიოსნად იყო დაცული წესები. დღეს მომიწია ერთ დიდ საჯარო დაწესებულებაში მისვლა და გამიხარდა, რომ ძალიან მოწესრიგებული იყო ადამიანთა მიღების, რიგში დგომისა და შესაბამისად, დამცავი საშუალებებით აღჭურვა. მოვუწოდებ საზოგადოებას, პანიკის არანაირი საფუძველი არ არის, ჩვენთან ეპიდსიტუაცია სრულად მართვადია. გვექნება ახალი შემთხვევები 3, 5, 10, 15, – არ არის ეს დიდი პრობლემა, ეს მართვადია და ყველა ადამიანი ძალიან ადრეულ ეტაპზე გამოჯანმრთელდება.
“ძალაში რჩება ის სლოგანი, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება კოვიდთან ერთად. მოგვიწევს ეს. კოვიდი დღეს, ხვალ, ზეგ არ გაქრება, არც ამ წლის ბოლომდე არ გაქრება, ამიტომ უნდა დავიცვათ წესები”.- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.