მნიშვნელოვანისიახლეები

ხაბე თავმჯდომარეა, მასხარ, გილოცავ-ხაბეიშვილის გამარჯვებას პოლიტიკური ჯგუფები აფასებენ

ჩემი ფავორიტი გახდა თავმჯდომარე, მასხარ, გილოცავ! – ახლა პარლამენტიდან გასვლები და ასეთები არ უნდა იყოს – მიეცა შესაძლებლობა, გახდა თავმჯდომარე, ახლა ჩვენ, როგორც საკრებულოს ძველმა გვარდიამ ყველას უნდა ვაჩვენოთ, მუშაობა როგორ უნდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ამასთან, ზარქუა ხაბეიშვილს ურჩევს, რომ ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეს „არ აჰყვეს“ და შეცდომებზე ისწავლოს.

„ჩემი ფავორიტი გახდა თავმჯდომარე, “ხაბე” თავმჯდომარეა, მასხარ, გილოცავ! მეტი რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მთავარ ოპოზიციურ პარტიას ხელმძღვანელობს ჩემი “ხაბე”, მე მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია ამ პარტიაზე, მის სტრატეგიაზე, ტაქტიკაზე, მის შესაძლებლობებზე. “ხაბე” არის სიმბოლო “ნაცების” – მორჩა! ერთი მინდა ვთხოვო, ახლა პარლამენტიდან გასვლები და ასეთები არ უნდა იყოს. მიეცა შესაძლებლობა, გახდა თავმჯდომარე და ახლა ჩვენ, როგორც საკრებულოს ძველმა გვარდიამ ყველას უნდა ვაჩვენოთ, მუშაობა როგორ უნდა. პარლამენტიდან გაქცევები, გიჟი ჯაფარას აყოლა, გადავკეტოთ, გადმოვკეტოთ, ეს მცდელობა ბევრჯერ ჰქონდათ, არაფერი გამოუვიდათ, ვერც ხალხი ვერ აიყოლიეს. ახლა აჩვენოს თავის პარტიას როგორ უნდა მუშაობა. გამიხარდება, თუ წინამორბედების შეცდომებზე ისწავლის და იმუშავებს, თუ არა და იქვე ჰყავს ბევრი ალტერნატივა და ამას თქვენც მალე ნახავთ”, – განაცხადა ზარქუამ.
ზარქუა ასევე გამოეხმაურა იაგო ხვიჩიას განცხადებას არჩევნების გაყალბებაზე და მასში “ქართული ოცნების” წევრებისა თუ მხარდამჭერების შესაძლო მონაწილეობაზე.
“აპაპაა“, ერთი წამით – არჩევნები იყო შესაბამისობაში იმ სტანდარტებთან, რაც მათ აქვთ, ლეგიტიმურია და “ხაბე” ღირსეული თავმჯდომარეა. სამწუხაროდ, ვერ მოვასწარი [ხმის მიცემა], თუმცა, „ხაბემ“ იცის, ჩემი ხმა მასთან არის ყოველთვის”,- განაცხადა ზარქუამ.

გახდება თუ არა საჭირო თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური, ცოტა ხანში გახდება ცნობილი, მანამდე კი ხელისუფლების წარმომადგენლები ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებს აფასებენ. მათი განცხადებით, მიმდინარე არჩევნები პარტიაში არსებულ დაპირისპირებას კიდევ უფრო გააღრმავებს.
ფაქტია, რომ ერთ დროს საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური პარტიის ნანგრევებზე იქმნება რევოლუციური კომიტეტი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, კეზერაშვილი შეარჩიეს რევოლუციური გეგმის აღმსრულებლად, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასახა, ხოლო კეზერაშვილმა თავის წარმომადგენლად ხაბეიშვილი შეარჩია.
“ვინ გაიმარჯვებს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ერთ დროს პოლიტიკური პარტიის ნანგრევებზე იქმნება გარკვეული გაერთიანება, რომელსაც, შეიძლება, დაარქვან რევოლუციური კომიტეტი, ან სხვა ნებისმიერი დასახელება, თუმცა არა – პოლიტიკური გაერთიანება, პოლიტიკურ გაერთიანებას აქვს ერთი საგანგებო და მთავარი ნიშანი, ეს არის პროგრამა. ის, რასაც გვთავაზობენ კონკრეტული ადამიანები, ეს პროგრამა არ არის,” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

უმრავლესობაში, ასევე, ამბობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკური გაერთიანება აღარ არის.
პოლიტოლოგის შეფასებით „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა გარდაუვალია და ერთიანობა ვერ შენარჩუნდება.

პარლამენტის წევრი და საზოგადოებრივი მოძრაობის “ხალხის ძალა” დამფუძნებელი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ “ნაცმოძრაობის” არჩევნებში ლევან ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა. მისივე განცხადებით, სწორედ ის ემეტებოდა “ნაციონალური მოძრაობისთვის”.
მისივე თქმით, მოსალოდნელი იყო, რომ ის ფრთა გაიმარჯვებდა, რომელიც მეტად დესტრუქციული და ყველაფრის მკადრებელია.

ახალი ძალების გაერთიანების დროა, ვისაც ამ ქვეყნის განვითარება და გამარჯვება უნდა, – ამის შესახებ “ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოში წარსული, ჩრდილოვანი მმართველობა უნდა დამთავრდეს.
„ახალი პოლიტიკის დროა! ახალი ძალების გაერთიანების დროა, ვისაც ამ ქვეყნის განვითარება და გამარჯვება უნდა. წარსული, ჩრდილოვანი მმართველობა უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში და ქართულ პოლიტიკაში!“, – წერს ხაზარაძე.

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, საკითხზე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები აკეთებენ კომენტარს. ისინი საუბრობენ იმაზე, ითანამშრომლებენ თუ არა “ნაციონალურ მოძრაობასთან” მას შემდეგ, რაც ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში მერაბიშვილი-კეზერაშვილის ფლანგი გაძლიერდა.

რთული პერიოდი დაუდგება „ნაციონალურ მოძრაობას“. გულწრფელად რომ გითხრათ, „ქართული ოცნებისთვის“ ლევან ხაბეიშვილის გამარჯვება არის მისწრება. თუ ვინმემ მოიგო ამ არჩევნებით, ერთ-ერთი სწორედ „ ქართული ოცნებაა“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ლევან ხაბეიშვილის უკან ორი პიროვნება – ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი იგულისხმება, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულებაა.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი აისახება პარტიაზეც და იმ საარჩევნო კამპანიაზეც, რომელსაც „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებზე გამოიყენებს.

„გულწრფელად გითხრათ, არ ველოდი, რომ ლევან ხაბეიშვილი გაიმარჯვებდა. ვიცოდი, რომ გარკვეული ძალები მუშაობდნენ, მაგრამ ნამდვილად არ ველოდი. პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მძიმე ვითარება იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ის ნაწილი, რომელიც მეტ-ნაკლებად წარმოადგენს პარტიის სახეს, ალბათ, ჩამოშორდება „ნაციონალურ მოძრაობას“. ვფიქრობ, მიუხედავად დაძაბულობისა, ნიკა მელიას უფრო დიდი შანსი ჰქონდა გამარჯვების, ვიდრე ლევან ხაბეიშვილს. რთული პერიოდი დაუდგება „ნაციონალურ მოძრაობას“. გულწრფელად რომ გითხრათ, „ქართული ოცნებისთვის“ ლევან ხაბეიშვილის გამარჯვება არის მისწრება. თუ ვინმემ მოიგო ამ არჩევნებით, ერთ-ერთი სწორედ „ქართული ოცნებაა“, რადგან ლევან ხაბეიშვილის უკან იგულისხმება ორი პიროვნება – ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულებაა. ეს აისახება, რა თქმა უნდა, პარტიაზეც და ეს აისახება საარჩევნო კამპანიაზეც, რომელსაც „ქართული ოცნება“ 2024 წლის არჩევნებზე გამოიყენებს“, – განაცხადა ძაბირაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ლევან ხაბეიშვილს პარტიის მართვაში წარმატებას უსურვებს. მისივე თქმით, ყველას ვალი არის კონსოლიდაცია.

ამასთან, ხატია დეკანოიძემ პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს პარტია არის ძალიან მნიშვნელოვანი იარაღი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. თავმჯდომარეს ვუსურვებ, წარმატებით მართოს პარტია და მოახდინოს კონსოლიდაცია – ეს არის მიხეილ სააკაშვილის, გვარამიას გათავისუფლება, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. ყველას ვალია კონსოლიდაცია. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია. მადლობა ნიკას იმ საქმიანობისთვის, რაც მან პარტიაში აწარმოა. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ლიდერის ღირსება არის ერთიანობა და კონსოლიდაცია. განსაკუთრებით ახალ თავმჯდომარეს ვუსურვებ, ეს მიზანი იყოს მიღწეული“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის ყოფილმა კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ ლევან ხაბეიშვილს გამარჯვება მიულოცა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა, მიიღეს პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და დაუჭირეს მხარი ცვლილებებს, რაც პატივსაცემია! ახლა საქმის დროა, ლაპარაკის ნაცვლად! ლევან ხაბეიშვილი, გილოცავ”, – დაწერა მუმლაძემ.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.

არჩევნებში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ნონა მამულაშვილი – 3,73%, ნიკა მელია – 40%, გიორგი მუმლაძე – 3.68%, ლევან ხაბეიშვილი – 52,58%.

მსგავსი პოსტები

Back to top button