მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ლავროვი თბილისში რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მომხრე პოლიტიკოსებს ხედავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დარწმუნებულია, რომ საქართველოსთან ურთიერთობები აღდგება და დალაგდება. ამის შესახებ ლავროვმა ტელეკომპანია RTVI-ს ეთერში, თინა კანდელაკთან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ გამოჩენას ქართველი პოლიტიკოსების, რომლებიც ამას მხარს უჭერენ. ჯერჯერობით, ეს მცირე პარტიებია მმართველ ელიტებში. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ იზეიმებს ჩვენი ტრადიციული ისტორიული ახლობლობა, ჩვენი ხალხების ურთიერთმიზიდულობა.“ – თქვა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ შერცხვენილი იქნებიან პროვოკატორები, რომლებიც ცდილობენ, საქართველოს არ მისცენ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობების რელსებზე დაბრუნების შესაძლებლობა.

ლავროვი ამბობს, რომ გასულ წელს რუსეთს და საქართველოს უვიზო რეჟიმამდე რამდენიმე ნაბიჯი აშორებდათ, მაგრამ შემდეგ მოხდა სკანდალი თბილისში რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის გარშემო.

ლავროვის განცხადებით, რუსეთს არ აქვს არანაირი მიზეზი, რომ დღევანდელი სიტუაცია შენარჩუნდეს. მისივე თქმით, რუსეთს ქართველი ხალხის წინააღმდეგ არასდროს არაფერი განუზრახავს.

2008 წლის მოვლენებზე საუბრისას, ლავროვი აცხადებს, რომ ყველას კარგად ახსოვს, როგორც წვრთიდნენ ამერიკელი ინსტრუქტორები ქართულ არმიას: “ამერიკელებმა შესანიშნავად იცოდნენ მიხეილ სააკაშვილის თავშეუკავებლობა, რომელმაც ყველა შეთანხმება ფეხქვეშ გათელა და დანაშაულებრივი ბრძანება გასცა“.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს სამხედრო აგრესიის შემდეგ შეწყვიტა. რუსეთს აღიარებული აქვს საქართველოს ორი რეგიონის – ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“ და იქ სამხედრო ბაზები აქვს გახსნილი.

სერგეი ლავროვის განცხადების პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთს “შემდგარ სახელმწიფოდ” ჩამოყალიბების რთულ გზაზე, უმნიშვნელოვანესი იყო 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მიერ „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება“.

მარია ზახაროვა

ზახაროვამ მოსკოვში, 17 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დღეზე“ ილაპარაკა. რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში „რესპუბლიკის დღეს“ 20 სექტემბერს აღნიშნავენ.

ზახაროვას განცხდებით, სუვერენულ სახელმწიფოდ შემდგარმა „სამხრეთ ოსეთმა“ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა სისტემის ჩამოყალიბებასა და ეკონომიკის და სოციალური სფეროების განვითარებაში, რასაც დემოკრატიული პროცედურების დაცვით არაერთხელ ჩატარებული არჩევნები და ბოლო 6 წელიწადში ეკონომიკის თითქმის ორჯერ გაზრდა ადასტურებს. ზახაროვამ ილაპარაკა დახმარებაზეც, რომელსაც „სამხრეთ ოსეთს“ რუსეთი უწევს.

„ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ რუსეთის, აფხაზეთის, ნიკარაგუის, ვენესუელის, ნაურუს, ტუვალუს და სირიის გარდა, რომლებმაც რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარეს, თანმიმდევრულად გაფართოვდება წრე ქვეყნებისა, რომლებსაც მიუკერძოებელი დამოკიდებულება აქვთ ამიერკავკასიაში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური რეალიების მიმართ.” – განახადა ზახაროვამ.

1990 წლის 20 სექტემბერს, მაშინდელი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დეპუტატთა საბჭომ „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის“ შექმნა გამოაცხადა. რამდენიმე თვეში საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი საერთოდ გააუქმა.

1992 წლის 29 მაისს, „სამხრეთ ოსეთმა“ გამოაცხადა ე.წ. დამოუკიდებლობა, რომელიც რუსეთმა აღიარა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ. „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცნეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ, ვანუატუმ, ტუვალუმ და სირიამ. მოგვიანებით, ტუვალუმ და ვანუატუმ აღიარების გადაწყვეტილება გააუქმეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button