მსოფლიოსიახლეები

20 სექტემბრიდან აშშ-ში WeChat-ისა და TikTok-ის აპლიკაციების გადმოწერა აიკრძალება

აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებით, 20 სექტემბრიდან ქვეყანაში WeChat-ისა და TikTok-ის აპლიკაციების გადმოწერა დაიბლოკება.

„20 სექტემბრიდან შემდეგი საქმიანობა იკრძალება: აშშ-ში აპლიკაციების ონლაინ-მაღაზიების მეშვეობით WeChat-ისა და TikTok-ის აპლიკაციების გავრცელება ან მათი ფუნქციონირების მხარდაჭერა.“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

6 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა აღმასრულებელი განკარგულება გამოსცა, რომლითაც დონალდ ტრამპმა TikTok-ს, აპლიკაციის ამერიკულ კომპანიაზე გასაყიდად, 45 დღე მისცა. ბრძანების მიხედვით, წინააღმდეგ შემთხვევაში, აპლიკაცია აშშ-ში დაიბლოკებოდა.

როგორც აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტში ასევე აღნიშნეს, „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ აჩვენა, რომ აღნიშნულ აპლიკაციებს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ გამოყენების შესაძლებლობები აქვს“.

ამერიკის მთავრობის განცხადებით, TikTok-ის მეშვეობით, ჩინეთის მთავრობას ამერიკის მოსახლეობის პირად მონაცემებზე მიუწვდება ხელი.

„იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული სოციალური ქსელის ამერიკული სეგმენტის გაყიდვის შესახებ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, 12 ნოემბრიდან აშშ-ის ხელისუფლება TikTok-ის აპლიკაციის მუშაობის შეზღუდვას დაიწყებს.“ – დასძინეს აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტში.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩინური სოციალური ქსელის შეძენას “მაიკროსოფტი” გეგმავს.

2019 წლის თებერვალში, ბავშვების პირადი მონაცემების არალეგალურად შეგროვების გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში $5.7 მილიონით დააჯარიმეს. CNN-ის ცნობით, კომპანია დათანხმდა ჯარიმის გადახდას.

გამოძიებით დადგინდა, რომ სოციალური ქსელი არალეგალურად აგროვებდა 13 წლამდე ბავშვების პირად მონაცემებს. მათ შორის ბავშვების სახელებს, მათ ელექტრონულ მისამართებსა და ადგილმდებარეობებს ინახავდა. აშშ-ის სავაჭრო ფედერალური კომისიის განცხადებით, TikTok-ის ჯარიმა ბავშვთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის საქმეზე რეკორდულია.

ამჟამად, TikTok ჩინურ კომპანია Bytedance-ს ეკუთვნის და მისი ღირებულება $75 მილიარდს აღწევს. მსოფლიოს მასშტაბით, სოციალურ ქსელს ნახევარ მილიარდამდე მომხმარებელი ჰყავს.

სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, TikTok-ზე, დაახლოებით, 1 მილიარდზე მეტი მომხმარებელია რეგისტრირებული. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, სადაც ადამიანებს მოკლე ვიდეოების გადაღება/გაზიარება შეუძლიათ.

აპლიკაცია თავდაპირველად 2016 წელს “მუზიქალ.ლი”-ს სახელწოდებით გამოვიდა, თუმცა წარუმატებელი აღმოჩნდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button