ანალიტიკამსოფლიოსიახლეები

ბელარუსის ხელისუფლების რეპრესიები და „რეფორმები“

ბელარუსის ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ აქტიურ რეპრესიებზე გადავიდა. გრძელდება ლიდერების დაკავებები. მარია კოლესნიკოვა, რომელმაც პასპორტი დახია, რათა მისი დეპორტირება არ მომხდარიყო, ციხეშია. ძალოვანებმა ოპოზიციის საკოორდინაციო შტაბის სხვა წევრების დაპატიმრებებიც დაიწყეს. საბჭოს ბოლო წევრის, ნობელის პრემიის ლაურეატ სვეტლანა ალექსიევიჩის დასაცავად, უცხოელი დიპლომატები მივიდნენ. ამის მიუხედავად, ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ბელარუსში რევოლუციას ვერაფერი შეაჩერებს.

 

ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ლიდერი ციხეშია

 

ბელარუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მარია კოლესნიკოვა, რომელმაც ქვეყნის დატოვებაზე უარი განაცხადა, საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება. „ევრორადიოს“ ცნობით, ამის შესახებ მამამისმა შეიტყო. მანამდე, მისი ადგილმდებარეობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდებოდა.

ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი, მარია კოლესნიკოვა დედაქალაქის ცენტრში, 7 სექტემბერს დააკავეს და ცდილობდნენ, მისთვის საზღვარგარეთ წასვლა ეიძულებინათ. თუმცა, კოლესნიკოვამ თავისი პასპორტი დახია. საბოლოოდ, ის ისევ მინსკში დააბრუნეს.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი მარია კოლესნიკოვა. მინსკი, 27 აგვისტო, 2020. Reuters/Vasily Fedosenko

კოლესნიკოვას პარალელურად, დააკავეს საბჭოს სხვა წევრებიც: ანტონ როდნენკოვი და ივან კრავცოვი. უკრაინის საზღვარზე კოლესნიკოვა იმავე ავტომობილში ჩასვეს, სადაც უკვე იმყოფებოდნენ როდნენკოვი და კრავცოვი, რათა ისინი უკრაინულ მხარეს გადაეყვანათ. თუმცა, კოლესნიკოვამ ძალადობრივი დეპორტაციისთვის თავის არიდება მოახერხა.

„როდესაც ის მანქანაში გამოჩნდა, დაინახა თავისი პასპორტი და მაშინვე დახია. ამის შემდეგ, ის ავტომობილის ფანჯრიდან გადაძვრა, რადგან უკანა კარი დაბლოკილი იყო.“ – ასე აღწერს მომხდარს „ნოვაია გაზეტასთან“ ანტონ როდნენკოვი.

 

დაკავებები გრძელდება, ნობელის პრემიის ლაურეატი თავის რიგს ელის

 

საკოორდინაციო საბჭოს წევრი და იურისტი მაქსიმ ზნაკი მინსკში, 9 სექტემბრის დილას დააკავეს. მან სიტყვა „ნიღბის“ დაწერა მოასწრო, ტელეფონზე კი, მხოლოდ ეს ფრაზა თქვა – „როგორც ჩანს, ჩვენთან მოვიდნენ“ და გაითიშა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის დააკავეს საქმეზე, რომელიც საბჭოს წევრების წინააღმდეგ აღიძრა „საჯარო მოწოდებით მოქმედებებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებას“.

საკოორდინაციო საბჭო ბელარუსის პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას ინიციატივით შეიქმნა. მის შემადგენლობაში 33 ადამიანი შევიდა – პოლიტიკოსები, აქტივისტები, ინტელიგენციისა და მშრომელების წარმომადგენლები.

საპროტესტო აქცია მინსკში, 5 სექტემბერი, 2020 წ. BelaPAN via Reuters

ახლა ბელარუსში, საბჭოს შემადგენლობიდან თავისუფალი მხოლოდ ნობელის პრემიის ლაურეატი, მწერალი სვეტლანა ალექსიევიჩია. დანარჩენები ან დააპატიმრეს ან ქვეყნის დატოვება აიძულეს.

„თავდაპირველად ქვეყანა მოგვპარეს, შემდეგ ჩვენგან საუკეთესოებს იტაცებენ… მაგრამ ჩვენი რიგებიდან ამოგლეჯილი ადამიანების ნაცვლად, ასობით სხვა მოვა. ეს არის არა საკოორდინაციო კომიტეტის აჯანყება, არამედ ქვეყნის აჯანყება.” – განაცხადა ალექსიევიჩმა.

სვეტლანა ალექსიევიჩის მიმართვა მთავრდება სიტყვებით, რომ მის კარზე კვლავ ვიღაც უცნობი რეკავს ზარს.

მწერლის მიმართვაზე რეაგირება მოახდინეს უცხოელმა დიპლომატებმა ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან, შვედეთიდან, ავსტრიიდან, რუმინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ისინი მასთან სახლში მივიდნენ, რათა დაიცვან შესაძლო დაკავებისგან.

„ჩვენ მივიღეთ სიგნალი, რომ მისი ბინის კარზე უცხო ადამიანები რეკავენ ზარს, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ან მილიციის თანამშრომლები. ჩვენ ვიფიქრეთ, რომ მას დაკავება ემუქრება.” – განაცხადა ლიეტუვის ელჩმა.

უცხოელი დიპლომატები ნობელის პრემიის ლაურეატის, სვეტლანა ალექსიევიჩის სახლში, რომელსაც ბელარუსი ძალოვანებისგან დაკავება ემუქრება. ფოტო: Facebook

 

 

ლუკაშენკო აღიარებს, რომ „დიდი ხანია სკამზეა“

 

8 სექტემბერს, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ საპრეზიდენტო აქციებისა და სასტიკი დარბევების შემდეგ, პირველი ვრცელი ინტერვიუ მისცა მთავარ რუსულ ტელეკომპანიებს „Russia Today“-ს, „პირველ არხსა“ და „როსია 1“-ს.

„დიახ, შეიძლება, „დიდი ხანია სკამზე ვარ“. შესაძლოა, მაჩვენებენ არა მხოლოდ ტელევიზორიდან, არამედ უთოდან და ჩაიდნიდანაც. მაგრამ ახლა მხოლოდ მე შემიძლია ბელარუსის დაცვა.“ – განუცხადა მან რუს ჟურნალისტებს. – “ასე უბრალოდ არ წავალ.“

ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ის არ ილაპარაკებს ოპოზიციის მიერ შექმნილ საკოორდინაციო საბჭოსთან, „რადგან არ იცის, ვინ არიან ეს ადამიანები“.

მან დასძინა, რომ მზად არის, გაატაროს საკონსტიტუციო რეფორმა, რის შემდეგაც „არ გამორიცხავს“ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას.

8 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის ხელისუფლება მზად არის, საკონსტიტუციო რეფორმა 2022 წლისთვის განახორციელოს.

 

აშშ-სა და ევროპის რეაქცია

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია ინფორმაციით, რომელიც ბელარუსიდან მოდის საკოორდინაციო საბჭოს წევრების, მარია კოლესნიკოვას, ანტონ როდნენკოვისა და ივან კრავცოვის დაკავების შესახებ.

„ძალიან ვაფასებთ ბელარუსი ხალხის სიმამაცეს, რომელიც მშვიდობიანად იცავს საკუთარი ლიდერის არჩევის უფლებას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით, დაუსაბუთებელი ძალადობისა და რეპრესიების წინაშე.” – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

მან აღნიშნა, რომ აშშ პარტნიორებსა და მოკავშირეებთან ერთად განიხილავს დიპლომატიური სანქციების დაწესებასა და პასუხისმგებლობის დაკისრებას მათთვის, ვინც დაკავშირებულია ბელარუსში ადამიანის უფლებების დარღვევასა და რეპრესიებთან.

9 სექტემბერს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი ვარშავაში, ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა.

„ჩვენ აღფრთოვანებით ვუცქერთ თქვენ ბრძოლას, პატივისცემით ვეპყრობით თქვენ გადაწყვეტილებას და მიზანმიმართულ ბრძოლას სუვერენული და თავისუფალი ბელარუსისთვის.“ – აღნიშნა მატეუშ მორავეცკიმ. მან დასძინა, რომ მალე პოლონეთი წარმოადგენს ბელარუსული ბიზნესის, სტუდენტების, დამოუკიდებელი მასმედიისა და ასევე, ოპოზიციის დახმარების გეგმას.

ბელარუსული ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი. ვარშავა, 9 სექტემბერი, 2020 წ. Reuters/Kacper Pempel

 

რევოლუციის შეჩერება შეუძლებელია?

 

ბელარუსული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ვერც მთავრობის წინადადებები საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ და ვერც რეპრესიები პროტესტს ვერ შეაჩერებს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ რეჟიმი ცდილობს შეამციროს საზოგადოების ზეწოლა და ამავდროულად, ვაჭრობს, ცდილობს ასე დაამშვიდოს ხალხი. მაგრამ ეს არ იმოქმედებს. ადამიანებს არ სურთ ორი წელი მოცდა. და ახალმა დაკავებებმა შეიძლება მხოლოდ დააჩქაროს ვარდნა, რადგან აქამდე დაკავებები მხოლოდ პროტესტის კატალიზატორის როლს ასრულებდა.“ – განაცხადა „ნოვაია გაზეტასთან“ ინტერვიუში საკოორდინაციო საბჭოს წევრმა ანდრეი როდჩენკოვმა, რომელიც უკრაინაში გააძევეს.

ბელარუსული წარმოშობის პოლონელი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი, რუსლან შოშინი პარალელებს ავლებს ბელარუსში მიმდინარე მოვლენებსა და პოლონეთში კომუნისტური რეჟიმის დამხობის წინა პერიოდზე.

„ბელარუსში რევოლუციის შეჩერება შეუძლებელია. ხელისუფლებისადმი სიძულვილი იზრდება, გამოდის მთელი კვარტლები, ქუჩები და ქალაქები. ლუკაშენკოს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვს: სამხედრო მდგომარეობა ან მრგვალი მაგიდა. ან სამხედრო მდგომარეობა და შემდეგ მრგვალი მაგიდა. ან უკრაინული მაიდანი.” – წერს შოშინი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

წყარო: jam-news.net

მსგავსი პოსტები

Back to top button