მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

DRI-მ ფარულ ჩანაწერებზე პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მიმართა.

DRI-ში აღნიშნავენ, რომ წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე მათ გამოძიების იმედი არ აქვთ.

“შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, საჯარო მოხელეებისა და სასულიერო პირების ფარული მოსმენა და თვალთვალი, მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება, წარმოადგენს სახელმწიფო ინსტიტუტების კონსტიტუციური მართლწესრიგიდან გადახვევას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას.

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე და პარლამენტის რეგლამენტის 61-ე მუხლების მიხედვით, კონკრეტული საფუძვლების არსებობისას, საქართველოს პარლამენტში იქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია. ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ადასტურებს, რომ სახეზეა სახელმწიფო ორგანოს კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაც კანონმდებლობის მიხედვით, წარმოადგენს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ერთ-ერთ საფუძველს

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, DRI-ის, წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე, არ აქვს მოლოდინი, რომ უწყება ეფექტიან გამოძიებას აწარმოებს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საპარლამენტო ფრაქციებს მოუწოდა, გამოიყენონ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 62-ე მუხლის 1-ლი პუნქტით მონიჭებული უფლებამოსილება და საქართველოს პარლამენტში ინიცირება გაუკეთონ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტს. საზოგადოებაში არსებული ლეგიტიმური კითხვების და წუხილების საპასუხოდ, კომისიამ საჯაროობის და გამჭვირვალეობის მაღალი ხარისხით უნდა უზრუნველყოს სუს-ის და სხვა სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელებული უკანონო ფარული მიყურადების ფაქტების შესწავლა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

12 სექტემბერს, გვიან ღამით მედიასაშუალებებმა მიიღეს დაუცველი ვებსაიტის ბმული, რომელზეც ათასობით დოკუმენტი იყო განთავსებული – ტექსტური ფაილები, ვიდეო- და აუდიოჩანაწერები, ფოტომასალა. ამ ათასობით დოკუმენტს ის აერთიანებს, რომ ჩანაწერები სასულიერო პირებს ეხება.

ესაა სატელეფონო საუბრების შინაარსები, მიმოწერები სოციალურ ქსელებში, შეხვედრები, პოლიტიკური განწყობები – ამ ყველაფერს, სავარაუდოდ, სუს-ი წლების განმავლობაში აგროვებდა და აარქივებდა.

პროკურატურამ მედიის მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება 14 სექტემბერს დაიწყო. პროკურატურის თანახმად, გამოძიება დაიწყო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. რაც გულისხმობს კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერას ან მიყურადებას, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის ან კომპიუტერული მონაცემის უკანონოდ გამოყენებას.

მსგავსი პოსტები

Back to top button