მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ კალანდარიშვილი და წევრობის კანდიდატები ვერ აირჩია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისას არჩევისათვის საჭირო ხმები ვერ მოაგროვეს, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მათ პარლამენტის 91 წევრის მხარდაჭერა აქვთ.
კენჭისყრა მომდევნო სასესიო კვირას გაიმართება და საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ახალი წესების თანახმად, მათი არჩევა 5-წლიანი უფლებამოსილების ვადით უბრალო უმრავლესობით მოხდება.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, კენჭისყრა ორ კვირაში ისევ ჩატარდება და გიორგი კალანდარიშვილს ცესკო-ს თავმჯდომარედ, მაია ზარიძეს, გიორგი შარაბიძესა და გია ცაცაშვილს ცესკო-ს წევრებად აირჩევენ.
ამასთან, როგორც კენჭისყრის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კანდიდატურებს საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, მხარს უჭერს და ხმას აძლევს პოლიტიკური ჯგუფები – “გირჩი“ და “ევროპელი სოციალისტები“, ჯამში კანდიდატურებს პარლამენტისგან 91-ხმიანი მხარდაჭერა აქვთ, მაგრამ იმის გამო, რომ დღევანდელ სხდომას უმრავლესობის ყველა დეპუტატი არ ესწრება, სათანადო კვორუმი ვერ შეგროვდა.

დღევანდელ სხდომაზე კი ხმები ასე განაწილდა: გიორგი კალანდარიშვილი 85 მომხრე, 13 წინააღმდეგი; მაია ზარიძე – 82 მომხრე, 0 წინააღმდეგი; გიორგი შარაბიძე – 82 მომხრე, 0 წინააღმდეგი; გია ცაცაშვილი – 81, მომხრე, 0 წინააღმდეგი. განმეორებითი კენჭისყრა მომდევნო სასესიო კვირაში გაიმართება.

„პირველ ჯერზე არჩევისთვის საჭირო არის 90 ხმა, იმ შემთხვევაში, თუ 90 ხმას ვერ დააგროვებს, უკვე შემდეგ სესიაზე უბრალო უმრავლესობით არის შესაძლებელი არჩევა. ჯამში, 91 მანდატი მხარს უჭერს ამ კანდიდატებს, თუმცა ტექნიკურად, ვინაიდან უმრავლესობის წევრი რამდენიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ არის, დღეს 90 ხმას ვერ მოაგროვებენ, მიუხედავად იმისა, რომ 91 მანდატის მხარდაჭერა აქვთ. ამიტომ, ორ კვირაში გვექნება მხარდაჭერა. ამ კანდიდატებს აქვთ 91 პარლამენტის წევრის, პოლიტიკური ჯგუფებიდან გამომდინარე მხარდაჭერა. ეს მინდოდა დაფიქსირებულიყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის 3 წევრის თანამდებობებზე კანდიდატები პარლამენტში შექმნილმა საკონკურსო კომისიამ შეარჩია. კანდიდატურები პარლამენტს პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ “საარჩევნო კოდექსში” განხორციელებული ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი კიდევ ერთხელ შეიცვალა. კერძოდ, პირველ კენჭისყრაზე 90 ხმაა საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, წარდგენილი კანდიდატის არჩევა 76 ხმით მოხდება. 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილებას 5 წლის ვადით განახორციელებენ.

აღნიშნულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. თუმცა, კრიტიკისა და სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნების მიუხედავად, “ოცნების” უმრავლესობამ “საარჩევნო კოდექსში” შეტანილი ცვლილებები მაინც დაამტკიცა. ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები დამტკიცებულიყვნენ მაღალი კვორუმით. თუმცა, მიღებული ვარიანტით, საკმარისია უბრალო უმრავლესობა.

მსგავსი პოსტები

Back to top button