მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

”კანონპროექტი „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს”-მიშელი

"უცხოეთის აგენტების" კანონპროექტი დარტყმას აყენებს სამოქალაქო საზოგადოებას და საქართველოს გადაიყვანს ევროპული გზიდან - მეთიუ მილერი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ კანონპროექტი „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს ევროკავშირისგან დააშორებს.
„ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და პასუხად ევროპულმა საბჭომ საქართველოს გასულ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიანიჭა“, – წერს იგი პლატფორმა X-ზე, ყოფილ ტვიტერზე.
„ნება მიბოძეთ, ცხადად განვაცხადო: უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისადმი, მისი გაწევრების ტრაექტორიას და საქართველოს არათუ დაუახლოვეს, არამედ დააშორებს ევროკავშირს“, – წერს შარლ მიშელი.
„უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.
2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ ჩაანაცვლა.
სხვა მხრივ კანონპროექტი უცვლელია.
საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების შეფასებით, ეს კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საერთაშორისო გამოხმაურებებს შორის რუსეთის ფედერაცია ერთადერთია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ტრაექტორიას უწონებს.
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „არცერთ სუვერენულ სახელმწიფოს არ სურს სხვა ქვეყნების ჩარევა თავის შიდა პოლიტიკაში. ეს ნორმალური პრაქტიკაა… აქ საჭიროა უბრალოდ უფრო აქტიური ახსნა. ამის „რუსულ პროექტად“ მიჩნევა აბსურდულია“.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ვენეციის კომისიას 15 აპრილს სთხოვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შეფასების მოსაზრების მომზადება დაჩქარებული წესით.
„ქართული ოცნების“ ლიდერების მტკიცების საპირისპიროდ, საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი აცხადებს, რომ კანონპროექტი, რომელსაც ამჟამად საქართველოს პარლამენტი განიხილავს, „ფრანგული კანონი“ არ არის.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მეთიუ მილერმა 15 აპრილს გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება, რომ “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონპროექტი დარტყმას მიაყენებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და ქვეყანას გადაიყვანს ევროპული გზიდან.
კორესპონდენტის შეკითხვას, როგორ ეხმიანება ეს, ქართველი ხალხის და მთელი დასავლეთის მიერ დაგმობილი და მხოლოდ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი “აგენტების კანონი” საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობას, მილერმა უპასუხა:
“უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ კვლავაც ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ ეს კანონპროექტი დააზიანებს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობისთვის მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და საქართველოს გადაიყვანს ევროპული გზიდან. ასევე შეშფოთებული ვართ, რომ ეს კანონპროექტი წინაღობას შეუქმნის დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის მიწოდებაზე. მაგრამ რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, დღეს ამ საკითხს აქ დავტოვებ და არ ვილაპარაკებ იმ შედეგებზე, რაც მის კანონად გადაქცევას მოჰყვება”.
ბრიფინგზე მეთიუ მილერს კითხვა დაუსვეს საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ მის მიერ გასულ კვირაში გამოთქმულ მოწოდებაზეც გამოძიების ჩატარებაზე აშშ-ის მიერ სანქციების სიაში შეყვანილი ოთხი მოსამართლის გარშემო. კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანს ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა რაიმე ტიპის კავშირი ამ თემაზე საქართველოს ოფიციალურ პირებთან – რადგან გამოძიების ნაცვლად, საქართველოს წარმომადგენლები მოსამართლეთათვის სანქციების მოხსნას ითხოვენ.
“თქვენ მიერ ნახსენები სამი სანქცია ამოქმედდა იმ მანკიერი ფიგურების ანგარიშვალდებულების გასაძლიერებლად, რომლებმაც ისარგებლეს დაუსჯელობით და იმუშავეს საიმისოდ, რომ ძირი გამოეთხარათ კანონის უზენაესობისთვის და საქართველოს საზოგადოების ნდობისთვის მათი სასამართლო სისტემის მიმართ. რაც ეხება კომუნიკაციას საქართველოს მთავრობასთან, ჩვენ, ცხადია, მხარს ვუჭერთ მთავრობის მხრიდან იმგვარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც კორუმპირებული ფიგურების ანგარიშვალდებულების საკითხს შეუწყობს ხელს”.

წარმოშობით ქართველი მწერალი ბორის აკუნინი, იგივე გრიგოლ ჩხარტიშვილი საქართველოში, რუსული კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ ქართულმა ტელევიზიებმა კომენტარისთვის მიმართეს და მიუხედავად იმისა, რომ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე საუბრისგან თავს იკავებს, რადგან – “მაქვს კომპლექსი, რომ “ნამდვილი ქართველი არ ვარ” – ენა არც კი ვიცი”, აკუნინი წერს, რომ შეშფოთებულია იმის ნახვით, რაც საქართველოში ხდება.
“..მაგრამ საქართველო ჩემთვის უცხო არ არის. დავიბადე საქართველოში, მყავს ბევრი ნათესავი და მეგობარი და მაწუხებს, როცა ვხედავ დემოკრატიულ ქვეყანას, რომელიც იმავე ფერდობზე მოსრიალებს, საიდანაც რუსეთი უფსკრულში ჩავარდა.
ჩვენ უნდა გვეშინოდეს არა პოლიტიკური ოპოზიციის ან პრესის, არამედ პუტინიზმის
გეშინოდეთ არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან შემოჭრის. და ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ხდება. პუტინიზმი ცდილობს შენს სახლში დამკვიდრებას – შენივე ხელისუფლების ინიციატივით….
ჩვენ ეს ვიცით, გავიარეთ. ჯერ “უცხოური აგენტები”, შემდეგ “მეხუთე კოლონა”, შემდეგ “ტერორისტები და ექსტრემისტები” და შემდეგ საქართველოს არ ეყოლება მეგობრები პუტინის რუსეთის გარდა. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ორთავიანი არწივის ფრთის ქვეშ.
ქართველებო, არ მისცეთ ამის გაკეთებას უფლება. დაიცავით თქვენი თავისუფლება.” წერს აკუნინი, რომელიც უკვე წლებია რუსეთში აღარ ცხოვრობს. პუტინის რეჟიმმა ის “უცხოელ აგენტად” გამოაცხადა და “ექსტრემისტებისა და ტერორისტების” რეესტრში შეიყვანა. მან რუსეთი 2014 წელს, ყირიმის ანექსიისა და დონბასში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დატოვა.

“კანონპროექტი, რომელიც განიხილება საქართველოში, არ არის ფრანგული კანონპროექტი,” – ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში შერაზ გასრიმ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო სუვერენული ქვეყანაა, ამას აღიარებს ყველა და პატივს სცემს მის გადაწყვეტილებებს, თუმცა დიპლომატი ღიად ამბობს, რომ რუსული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს:
“საქართველო არის სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა. ჩვენ ვაღიარებთ მის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას და ვამბობთ, რომ საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი კანონი, რომელიც მას სურს. ამავე დროს, როგორც საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელი და ევროკავშირის წევრი, მინდა ვთქვა, რომ ევროკავშირის ოჯახში ჩვენ საქართველოს მივესალმებით და ვეუბნებით მას, რომ ეს კანონპროექტი, რომელიც ახლა განიხილება პარლამენტში, არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. თუმცა, ყველაფერი საქართველოს გადასაწყვეტია. ეს კანონპროექტი, რომელიც განიხილება საქართველოში, არ არის ფრანგული კანონპროექტი. რა თქმა უნდა, საფრანგეთშიც ხდება განხილვები, თუმცა, რაც ხდება მსოფლიოს სხვა ნაწილებში, არ შეიძლება იყოს გამოყენებული იმის არგუმენტად და ფაქტორად თუ რა ხდება საქართველოში. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს კანონპროექტი არ არის ფრანგული კანონი.” – განაცხადა ელჩმა.

15 აპრილს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პარლამენტის წინ მიმდინარე ფართომასშტაბიანი პროტესტის ფონზე, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „აგენტების კანონს“. მისი განხილვა პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გაგრძელდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button