მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთმა და უკრაინამ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას ხელი ცალ-ცალკე მოაწერეს

სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა. რუსეთმა და უკრაინამ შეთანხმებას ხელი ცალ-ცალკე მოაწერეს.

თავდაპირველად, დოკუმენტს ხელი მოაწერა თურქეთის თავდაცვის მინისტრთან რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ. შემდგომ კი, ანალოგიურად, დოკუმენტს ხელი მოაწერა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა.

ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში.
შეთანხმების შედეგად გაიხსნება შავი ზღვის პორტები მარცვლეულის ექსპორტისთვის. თურქეთი შეამოწმებს გემებს, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი არ ატარებენ იარაღს.
შეთანხმება უდავოდ პოზიტიური სიგნალია მსოფლიოსთვის, რომელიც საკვების კრიზისის წინაშე დგას.

რუსეთის მიერ შავი ზღვის პორტების ბლოკადამ გაამწვავა შეფერხებები მიწოდების გლობალურ ჯაჭვში და, მოსკოვის მიმართ დაწესებულ დასავლეთის სანქციებთან ერთად, გამოიწვია საკვებისა და ენერგიის ფასის ზრდა.

თუმცა, ექსპორტთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს. გადაზიდვის საერთაშორისო პალატის წარმომადგენელმა, ჯონ სტუპერტმა BBC Radio 4-ს განუცხადა, რომ უკრაინის პორტებში არ არის საკმარისი გემები მარცვლეულის გადასატანად.

“ომის დაწყებისას 2000 მეზღვაური იყო. ახლა მათი რიცხვი 450-მდე შემცირდა. მოგვიწევს ვიფიქროთ, თუ როგორ დავაკომპლექტოთ ეს გემები”, – ამბობს შტაუპერტი. მისი თქმით, სავარაუდოა, რომ მთელი მარცვლეულის გადასატანად საჭირო გახდება 400 გადამზიდავი.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგაც, ტრეიდერებსა და მაღალჩინოსნებს ექსპორტის დასაწყებად დრო დასჭირდებათ. უკრაინის წინაშე დგას გამოწვევა, გაასუფთაოს დანაღმული ზღვა, მოიძიოს საკმარისი გემები მარცვლეულის გადასაზიდად და შეცვალოს მატარებლებისა და სატვირთო მანქანების მარშრუტი. ოპერაციების დასაფარად დაზღვევის მიღება ასევე გამოწვევაა.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის შეფასებით, ნავსადგურების მახლობლად განაღმვით სამუშაოებს შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს. თუმცა, უკრაინის მარცვლეულის ასოციაციის ხელმძღვანელმა მიკოლა გორბაჩოვმა განაცხადა, რომ გემების ტრანზიტისთვის გზის გაწმენდა შეიძლება მოხდეს ბევრად უფრო სწრაფად, დაახლოებით 10 დღეში.

გეგმის წარმატება ასევე დამოკიდებულია მოსკოვის უსაფრთხოების გარანტიებზე და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე. ანალიტიკოსები და დასავლელი ოფიციალური პირები სკეპტიკურად არიან განწყობილნი იმის თაობაზე, თუ რამდენად სწრაფად შეუძლია უკრაინას აღადგინოს თავისი, როგორც გლობალური სასოფლო-სამეურნეო ძალის როლი.
იმის ნიშნად, თუ რამდენად დაძაბულია ვითარება, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა თქვა, რომ უკრაინა ხელს მოაწერს შეთანხმებას თურქეთთან და გაეროსთან და არა პირდაპირ რუსეთთან. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინა არ დაუშვებს რუსული გემების თანხლებით ან მისი წარმომადგენლების ყოფნას უკრაინის პორტებში.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ათობით სატვირთო გემი იყო ჩაძირული, რის გამოც ქვეყანა იძულებული გახდა, გადასულიყო სარკინიგზო და საავტომობილო მარშრუტებზე და მდინარის პორტებზე, რომლებსაც შეუძლიათ გაცილებით მცირე მოცულობის გატარება. როდესაც შავი ზღვის პორტები ხელახლა გაიხსნება, გემების დაცვა და სადაზღვევო კომპანიების პოვნა, შესაძლოა რთული და ძვირადღირებული აღმოჩნდეს.
გარდა ამისა, ბევრი სარკინიგზო ვაგონი და სატვირთო მანქანა დგას რიგებში მარცვლეულის ექსპორტისთვის მეზობელ ქვეყნებში და საჭირო იქნება პორტებისკენ მიმავალი ტრადიციული მარშრუტების დაბრუნება.

შეთანხმების შესრულების შემთხვევაში, ექსპორტის ზრდა შვებას მოუტანს იმპორტიორ ქვეყნებს, რომლებიც დამოკიდებულნი არიან უკრაინულ მოსავალზე, განსაკუთრებით მარცვლეულის ისტორიულად მაღალი ფასების გათვალისწინებით.

გარიგება ასევე მეტ ნდობას მისცემს ადგილობრივ ფერმერებს, რომლებმაც შემოდგომაზე უნდა გადაწყვიტონ, თუ რა ფართობზე დარგონ ისეთი მნიშვნელოვანი ზამთრის მარცვლეული, როგორიცაა ხორბალი.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: მეგან დურისინი, აინ ქუინი და ალბერტო ნარდელი
როგორც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ეს შეთანხმება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, ასევე მრავალი განვითარებადი ქვეყნისთვის, რომლებსაც შიმშილი ემუქრება. გუტერეშის თქმით, ხელმოწერილი შეთანხმება შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა მისი გაერო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.

დოკუმენტის მიხედვით, უკრაინული მხარის კონტროლის ქვეშ რჩება ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის პორტები, რომელთა მეშვეობითაც მარცვლეულის ექსპორტი განხორციელდება. ამ პორტებში სხვა გემების არსებობა, გარდა იმ გემებისა, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მარცვლეულის და მასთან დაკავშირებული საკვები პროდუქტებისა და სასუქების ექსპორტი, არ არის გათვალისწინებული. რუსეთი იღებს ვალდებულებას, არ დაესხას თავს პორტებსა და ხომალდებს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა ხორბლის მოსალოდნელ ექსპორტთან დაკავშირებით არანაირ დოკუმენტს არ მოაწერს ხელს რუსეთთან. უკრაინა შეთანხმებას აფორმებს თურქეთთან და გაეროსთან და შესაბამისად, პასუხისმგებლობასაც მათ წინაშე იღებს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა.

„რაც შეეხება სტამბოლში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებულ შეთანხმებას, უკრაინა ხელს არ აწერს არანაირ დოკუმენტს რუსეთთან. ჩვენ ხელს ვაწერთ შეთანხმებას თურქეთთან და გაეროსთან და და ვიღებთ პასუხისმგებლობას მათ წინაშე”, – განაცხადა პოდოლიაკმა.
უკრაინელი მოხელის თქმით, კიევი წინააღმდეგია, რომ მარცვლეულის ტრანსპორტირების რუსული გემების ესკორტის თანხლებით და აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან პროვოკაციას დაუყოვნებლივად მოჰყვება სამხედრო პასუხი.

ცნობისთვის თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, 22 ივლისს სტამბოლში ხელი მოეწერება საზღვაო გზით უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის განახლების შეთანხმებას. ადმინისტრაციის თანახმად, ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში. სააგენტო „ანადოლუ“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ასახელებს ხელმოწერის დროს და ადგილს – თურქეთის დროით 16:30 საათი, სტამბოლის დოლმაბაჰჩეს სასახლე.

უკრაინამ და რუსეთმა, გაეროს და თურქეთის შუამავლობით 13 ივლისს, სტამბოლში დაიწყეს მოლაპარაკება გლობალური სასურსათო კრიზისის დასაძლევად უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლების მიზნით. პირველი შეხვედრის შემდეგ, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა, რომ შეთანხმებულია ძირითადი ტექნიკური საკითხები, კერძოდ, ყველა მხარის მონაწილეობით, სტამბოლში შეიქმნება საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც გააკონტროლებს გემების გადაადგილების მარშრუტებს და უზრუნველყოფს უსაფრთხო ნაოსნობას.

წინასწარი ინფორმაციით, უკრაინულ ხორბალს სამი – ოდესის, იუჟნის და ჩერნომორსკის საზღვაო პორტებიდან გაიტანენ.
ხელშეკრულება იმოქმედებს 120 დღის განმავლობაში ხელმოწერიდან და ავტომატურად გახანგრძლივდება, თუ რომელიმე მხარე უარს არ იტყვის მასზე.

დოკუმენტის სახელწოდებაა “ინიციატივა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის და საკვები პროდუქტების უსაფრთხოების შესახებ” უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთს შავ ზღვაში დაბლოკილი აქვს ოდესის, ნიკოლაევის და სხვა პორტები, აზოვის ზღვის პორტებს კი, თავად აკონტროლებს. სხვადასხვა მონაცემით, უკრაინის შავი ზღვის პორტებში გაჩერებულია 20-25 მილიონი ტონა ხორბალი. ამჟამად მარცვლეულის მცირე ნაწილი გააქვთ ხმელეთით და მდინარე დუნაის პორტებიდან. უკრაინიდან ექსპორტის მკვეთრად შემცირება განსაკუთრებით აზარალებს მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button